“თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა 56 წლის მამაკაცს გაჩერებული გული აუმუშავეს!”, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“გამოძახების ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟს უგონოდ მყოფი შუახნის მამაკაცი დახვდა.
ექიმი ნინო ზერეკიძე იხსენებს, რომ მამაკაცს გულისცემა და სუნთქვა არ აღენიშნებოდა. ოჯახის წევრს სასწრაფოს ეკიპაჟის მისვლამდე პაციენტისათვის გულ-ფილტვის რეანიმაცია დაწყებული ჰქონდა.
ეკიპაჟის წევრებმა პაციენტს პროტოკოლით გათვალისწინებული წარმატებული რეანიმაციული ღონისძიებები ჩაუტარეს, რომელიც 26 წუთს გაგრძელდა და შედეგად გულის მუშაობა აღდგა.
1703 ეკიპაჟის მიერ პაციენტი უახლოეს კლინიკაში იქნა გადაყვანილი.
გვეამაყება ჩვენი ეკიპაჟის წევრები – ნინო ზერეკიძე, ხატია მდინარაძე და გელა ჩიჩოელი, რომლებმაც კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს!”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.