გაზეთი The Washington Post სტატიას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, ჩრდილოეთ კორეის დიქტატორის, კიმ ჩენ ინის რიტორიკა და ქმედებები უფრო აგრესიული გახდა სამხრეთ კორეის მიმართ.
“მანამ პუტინი გეოპოლიტიკური სახელმძღვანელოების გადაწერითაა დაკავებული, მისი მოსწავლე, კიმი ჩანიშვნებს აკეთებს”, – წერს გამოცემა.
“ვაშინგტონ პოსტს” სეულის კუნმინის უნივერსიტეტის პროფესორის, ანდრეი ლანკოვის სიტყვები მოჰყავს, რომლის თქმითაც, კიმ ჩენ ინი პუტინის მიერ უკრაინაში განხორციელებული სცენარების იმიტირებას ახდენს მინიმუმ ორი მიმართულებით: სამხედრო პოზიციების გადაადგილება და ცვლილებები ქვეყნის ბირთვულ დოქტრინაში, რომ დასავლეთი დაარწმუნოს, მეზობლებს შორის პოტენციურ კონფლიქტში არ ჩაერიონ.
“როგორც ჩანს, ჩრდილოეთ კორეის სტრატეგია შეიცვალა – როდესაც მათ ათწლეულების წინ ბირთვული პროგრამა წამოიწყეს, ისინი შეკავებასა და თავდაცვაზე ფიქრობდნენ. ახლა, ისინი ისეთ პროგრამაზე მუშაობენ, რომელიც ერთ დღეს შესაძლებელს გახდის დაპყრობას, რა თქმა უნდა, სამხრეთის”, – ამბობს პროფესორი.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, ჩრდილოეთ კორეამ ოთხი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, მათ შორის ორი – კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტებია, რომლებსაც აშშ-მდე მიღწევა შეუძლიათ. “ვაშინგტონ პოსტი” ასევე წერს, რომ აპრილში კიმ ჩენ ინმა გამოსცადა რაკეტები, რომლებსაც შესაძლოა, ტაქტიკური ბირთვული იარაღის ბრძოლის ველამდე გადატანა შეეძლოთ.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, ქვეყანამ სამხრეთ კორეასთან მიმართებაში ასევე გაამწვავა რიტორიკა პირდაპირი მუქარების კუთხით.
“ამ თვის დასაწყისში კიმის დამ, ფხენიანმა თქვა, რომ ქვეყანა გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, თუ სეული “სამხედრო დაპირისპირებაში გადავა”. ამავდროულად, თავად კიმი ამტკიცებს, რომ ომის შეკავების გარდა, ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ ძალებს ასევე აქვთ “მეორადი მისია“, რაშიც ბევრის ინტერპრეტაციით, თავდასხმითი მიზნებია ნაგულისხმები”, – აღნიშნავს გამოცემა.