საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩს, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს და პოლიტიკურ ნაბიჯებს “ქართველი ხალხი არჩევნებზე შეაფასებს”.
ქადაგიშვილის შეფასებით, არესტოვიჩი პროვოკატორია და “მის ბედს უკრაინელი ხალხი გადაწყვეტს”.
“ალექსეი არესტოვიჩის განცხადება პროვოკატორის განცხადებაა და ამ პროვოკატორს ვეტყვი, რომ ასეთივე გულგრილი მიდგომა აქვს უკრაინაში მიმდინარე ომისა და უკრაინელი ხალხის ტრაგედიისადმი. ქართველმა ხალხმა გადაწყვეტილება ბევრჯერ მიიღო, მათ შორის ბოლო არჩევნებზეც. მისი გადასაწყვეტი არ იქნება, მაგრამ ალბათ უკრაინელი ხალხი გადაწყვეტს არესტოვიჩის ბედს. ეს მისი მხრიდან არის კონკრეტული პოლიტიკური ხაზის გატარება. ეს არის რეალპოლიტიკა – დავინახეთ, რომ მათ სურთ სადმე მეორე ფრონტი გაიხსნას. მათ ამის საუკეთესო ვარიანტად საქართველო მიაჩნიათ. ეს იმიტომ, რომ საქართველოში არსებობს ღალატისა და ომის პარტია, “ნაციონალური მოძრაობა“ მთელი თავისი სატელიტური თანამგზავრებით, რომლებიც ეუბნებიან, რომ თუ თავად იქნებიან ხელისუფლებაში, ეს ყველაფერი შედგება. აქედან გამომდინარეობს ერთიან მესიჯბოქსში აწყობილი პოლიტიკური აგრესიული შემოტევა საქართველოზე. ჩვენ ეროვნული ინტერესები გვაქვს და არ შეიძლება ეს ინტერესები პოლიტიკურ ავანტიურისტებს შევწიროთ. ჩვენი ეროვნული ინტერესია მშვიდობის შენარჩუნება, განვითარება და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მყარად სიარულის გაგრძელება”, – ციტირებს ქადაგიშვილის სიტყვებს “საქართველოს პირველი არხი”.