კახა ბენდუქიძის და, ნუნუ ბენდუქიძე ჟურნალ “სარკესთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ბენდუქიძის შვილი, ანასტასია მიიღეს და მას მამის ქონების 25% შესთავაზეს, მაგრამ გოგონამ ბევრად მეტი მოინდომა:
“ჩვენ ნასტიასთვის ხელი არ გვიკრია. ორმოცზე მეც ვთქვი სიტყვა, ნატაშამაც (ბენდუქიძის მეუღლე) და ნასტიასაც მივეცი სიტყვა. მერე კი, კახას დაბადების დღეზე, ძალიან ცუდად მოიქცა. “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებმა იცოდნენ, რომ მეორე დღეს მიდიოდა უკან და მე – არა. ძალიან გვიან დაბრუნდა და თურმე, იმ დღეს, “ნანუკას შოუში” ჩაწერაზე მისულა. როგორც ჩანს, ყველაფერი დაგეგმილი იყო, საყვედური ვუთხარი – კახას დაბადების დღეზე ჩამოხვედი, თუ ინტერვიუების მისაცემად მეთქი. შვილს გეფიცებით, მითხრა, კახა აღარ არის და მე ახლა ხელ-ფეხი გახსნილი მაქვსო.
– მამას რითი ჰგავს?
– მხოლოდ ფიზიკურად ჰგავს კახას. სხვა მხრივ, ჩვენს ოჯახთან მსგავსება არ აქვს, არც განათლებით, არც საქციელით. პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა თბილისში და დაუსტვინა, მაგიდაზე ხელიც დაურტყამს. ერთ პროფესორს უთქვამს, ახლავე ბოდიში მოიხადეთ, რას ბედავთო. ახლა, ამბობს, მამის საქმე უნდა გავაგრძელოო. რომელი საქმე? უნივერსიტეტი არ არის ნივთი, ან ნატაშას მემკვიდრეობა, რომ ვიღაცის იყოს…“-ამბობს ნუნუ ბენდუქიძე ჟურნალ „სარკესთან“ .
შეგახსენებთ, რომ ცნობილი ბიზნესმენის, საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, კახა ბენდუქიძის მილიონებად შეფასებული ქონება, მისი გარდაცვალების შემდეგ ორად გაიყო – 50% მის მეუღლეს, ნატალია ზოლოტოვას ერგო, 50% კი – ანასტასია გონჩაროვას, რომელიც მიმდინარე წლის 19 იანვარს მოსკოვის სასამართლომ კახა ბენდუქიძის ბიოლოგიურ შვილად აღიარა. კახა ბენდუქიძის გარდაცვალებამდე მისი შვილის არსებობა ბიზნესმენის უახლოესმა მეგობრებმა და ოჯახის წევრებმაც არ იცოდნენ.