ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ვაზისუბნში შვილმა მძინარე მშობლები ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და ბინაში ხანძარი გააჩინა

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1992 წელს დაბადებული გ.ბ. დააკავეს ოჯახის ორი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ვაზისუბანში, საცხოვრებელ ბინაში მძინარე მშობლები ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, შემდეგ, კვალის დაფარვის მიზნით ყაჩაღობის ინსცენირება მოახდინა, შემდეგ კი ბინაში ცეცხლი გააჩინა.

“2022 წლის 27 აპრილს ისანი-სამგორის მთავარ სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ვაზისუბნის მე-4 მიკრორაიონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ხანძარი იყო. ადგილზე მისულ სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს ბინის კარი შიგნიდან ურდულით ჩაკეტილი დახვდათ. ბინაში შეღწევის და ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ, ნანახი იქნა 1964 წელს დაბადებული ზ.ბ.-ის და მისი მეუღლის – 1967 წელს დაბადებული ლ.თ.-ის დამწვარი ცხედრები, რომლებსაც თავის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნებოდათ. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საცხოვრებელ ბინაში მძინარე მშობლებს – ზ.ბ.-ს და ლ.თ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა. გ.ბ.-მ ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით ყაჩაღობის ინსცენირება მოახდინა, კერძოდ: კარადებიდან გადმოყარა ტანსაცმელი და სხვადასხვა ნივთი, მოძებნა მშობლების კუთვნილი თანხა და ოქროს სამკაულები, შემდეგ ბინაში განზრახ გააჩინა ხანძარი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დანაშაულის ჩადენის იარაღები, ბინიდან წაღებული თანხა და ოქროს სამკაულები ამოღებულია ნივთმტკიცებად”, – ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....