ახალი ამბები მედია მთავარი მსოფლიო საზოგადოება

Human Rights Watch ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს

 

“2015 წელს, ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოში კვლავ არამდგრადი იყო”- ასე იწყება Human Rigths Watch-ის მიერ გამოქვეყნებული ყოველწლიური ანგარიშის ტექსტი, სადაც ძირითადი ყურადღება შერჩევითი სამართლის პრობლემებზეა გამახვილებული.

ანგარიშში წერია, რომ ხელისუფლებამ პოლიტიკური ოპონენტების საქმეები, რომელიც ამ დროისთვის სასამართლოში განხილვაშია, ათასობით საჩივრიდან შეარჩია და სწორად ამ საქმეების განხილვა მიმდინარეობს.

ანგარიშის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ყოფილი თანამდებობის პირების სავარაუდო სამართალდარღვევათა გამოძიება კითხვებს აჩენდა იმის თაობაზე, გამოძიება ამ საქმეების შინაარსიდან გამომდინარეობდა, თუ შერჩევით სამართალსა და პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას წარმოადგენდა.

კვლავ პრობლემად რჩებოდა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ წამებისა და სასტიკი მოპყრობის ფაქტების არასათანადო გამოძიება. მედია პლურალიზმს საფრთხე შეუქმნა რამდენიმე პოლიტიკური ტოქშოუს დახურვამ და დავამ ყველაზე რეიტინგული ტელეკომპანიის „რუსთავი 2“-ის საკუთრებასა და მართვაში ყოფილი და ახლანდელი მაღალჩინოსნების სავარაუდო ჩარევის თაობაზე. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა სასამართლოს ნებართვა სთხოვა 2008 წლის აგვისტოში რუსეთთან ომის დროს ჩადენილ ომის დანაშაულებათა და ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულებათა გამოძიების დაწყებაზე.

მართლმსაჯულება

კოალიცია ქართული ოცნების ხელისუფლება აგრძელებს ყოფილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის (ენმ) მთავრობის, თანამდებობის პირების წინააღმდეგ ათობით სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას. ხელისუფლებამ ეს საქმეები იმ ათასობით საჩივრიდან შეარჩია რომლებიც მოქალაქეებმა შეიტანეს 2012 წლის არჩევნების შედეგად ხელისუფლების ცვლილების შემდეგ. ენმ-ის წევრებისა და მომხრეების მტკიცებით, ეს სისხლის სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია, ვინაიდან გამოსაძიებელი საქმეები მკაფიო კრიტერიუმების გარეშე შეირჩა, ხოლო სამართლებრივი დევნის ძირითად სამიზნეს ენმ-ის წევრები წარმოადგენენ.

სექტემბერში, თბილისის საქალაქო სასამართლომ ენმ-ს ლიდერი და თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ უგულავას გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა ცალკე საქმეზე, რომელიც ფულის გათეთრებას ეხებოდა. უგულავას დამნაშავედ ცნობა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების მეორე დღეს მოხდა. უგულავას 14-თვიანი წინასწარი პატიმრობა საკონსტიტუციო სასამართლომ წინასწარი პატიმრობისთვის კონსტიტუციით დადგენილი 9-თვიანი ვადის დარღვევად მიიჩნია.

ოქტომბერში, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ენმ-ის და მასთან ასოცირებული არასამთავრობო ორგანიზაციის „თავისუფალი ზონის“ სამ აქტივისტს პარლამენტის წინ გამართული საპროტესტო აქციის დროს ქართული ოცნების პარლამენტართან დაპირისპირების გამო. საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა, წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილებას  „დაუსაბუთებელი“ უწოდა და სასამართლო შერჩევით სამართალში დაადანაშაულა. ნანუაშვილმა აღნიშნა, რომ მსგავს საქმეებში სასამართლოებს არ გამოუყენებიათ წინასწარი პატიმრობა ხელისუფლების იმ მომხრეების მიმართ, რომლებიც ეჭვმიტანილი იყვნენ ოპოზიციური ენმ-ის პარლამენტარებზე ძალადობრივ თავდასხმებში.

ასევე, ოქტომბერში, პოლიციამ მცირე ხნით დააკავა ტელეკომპანია „ტაბულას“ დირექტორი, პროდიუსერი და ერთ-ერთი აქტივისტი იმის გამო, რომ ისინი თბილისში, ღობესა და განათების ბოძზე აკრავდნენ პლაკატებს, რითიც აკრიტიკებდნენ საქართველოს ხელისუფლების მოლაპარაკებებს რუსეთის მსხვილ ენერგოკომპანია „გაზპრომთან“. სამივეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა ედებოდათ ბრალად. ტელეკომპანია „ტაბულა“ ხელისუფლების კრიტიკით არის ცნობილი.

თავდასხმები პოლიტიკურ ოპონენტებზე

ოქტომბერში, ხელისუფლების მომხრეთა ჯგუფებმა, მათ შორის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების თანამშრომლებმა, მიტინგები მოაწყვეს ენმ-ის ოფისების წინ 19 ქალაქში. მათ აჭედეს ან შეადუღეს კარები, დაამსხვრიეს ფანჯრის მინები, წარწერები გაუკეთეს და წითელი საღებავი შეასხეს ენმ-ის ოფისებს. მედიის თანახმად, რამდენიმე მიტინგისა თუ დარბევის დროს, ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცავ ორგანოთა წარმომადგენლები, მაგრამ მათ ინციდენტები არ აღუკვეთავთ.

ამ ჯგუფური თავდასხმების შემდეგ, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საჯაროდ უწოდა ენმ-ს „კრიმინალური ორგანიზაცია“, ხოლო პარტიის წინააღმდეგ „აგრესიას“ „ბუნებრივი“ უწოდა. ზოგი არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, ღარიბაშვილის კომენტარები, ფაქტობრივად, ძალადობის წახალისება იყო.

ენმ-ის ოფისებზე თავდასხმები ინტერნეტით ვიდეოჩანაწერების გავრცელებას მოჰყვა, რომლებშიც ნაჩვენები იყო 2011 წელს, ენმ-ის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ციხის თანამშრომლების მიერ ორი პატიმრის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობა. ვიდეოები მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც სოციოლოგიურმა კვლევამ მმართველი ქართული ოცნების კოალიციის მომხრეთა მნიშვნელოვანი კლება აჩვენა; ამან ენმ-ს საფუძველი მისცა, ემტკიცებინა, რომ ამ ვიდეოების გავრცელება ხელისუფლების ხელშეწყობით მოხდა, რათა საზოგადოებას ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა.

 

18 ოქტომბერს, ხელისუფლების მომხრეებმა ამ ვიდეოჩანაწერების ღია ცის ქვეშ ჩვენება თბილისისა და ზუგდიდის ცენტრში მოაწყვეს. ზუგდიდის ჩვენებაში მმართველი კოალიციის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. ეს საჯარო ჩვენებები საქართველოს სახალხო დამცველმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაგმეს.

სექტემბერში, ხელისუფლების მხარდამჭერთა ჯგუფებმა მრავალი მიტინგი მოაწყვეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის საცხოვრებელი სახლის წინ. ისინი აპროტესტებდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ, ემუქრებოდნენ თავმჯდომარესა და მის ოჯახს და პომიდვრებს და კვერცხებს უშენდნენ მის სახლს. საქართველოს კანონმდებლობით, მოსამართლის დაშინება სისხლის სამართლის დანაშაულია, ხოლო მოსამართლის საცხოვრებელი სახლის წინ მიტინგის მოწყობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა. ოქტომბერში, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ხელისუფლებას მუქარების შესახებ აცნობა, მაგრამ პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია.

წამება და სასტიკი მოპყრობა

საქართველოს არ გააჩნია სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებათა გამოძიების ქმედითი, დამოუკიდებელი მექანიზმი, რაც ხშირად იწვევს დამნაშავეთა დაუსჯელობას. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, ერთ-ერთმა წამყვანმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, 2015 წლის ნოემბრამდე პერიოდში, სულ მცირე 41 საჩივარი მიიღო წამებისა და სასტიკი მოპყრობის თაობაზე. მათგან 23 საჩივარი პოლიციის მიერ, ხოლო 18 ციხის პერსონალის მიერ ძალადობის ფაქტებს შეეხებოდა. ამ ორგანიზაციის თანახმად, ხელისუფლება ვერ ახერხებს აღნიშნული საჩივრების ეფექტიანად გამოძიებას.

ნოემბერში, ადვოკატმა გიორგი მინდაძემ განაცხადა, რომ პოლიციის შენობაში ხუთმა პოლიციელმა, მათ შორის პოლიციის განყოფილების უფროსმა, სცემა მას შემდეგ, რაც თავის კლიენტს დუმილის უფლების გამოყენება ურჩია. ხელისუფლებამ პოლიციის განყოფილების უფროსი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააკავა.

ივნისში, პროკურატურამ თბილისში წინასწარ პატიმრობაში მყოფ გიორგი ოქროპირიძეს ცილისწამების ბრალი წაუყენა სახალხო დამცველისთვის თითქოსდა ცრუ ჩვენების მიცემის გამო, სადაც იგი აცხადებდა მის წინააღმდეგ პატიმრობაში სასტიკი მოპყრობის შესახებ. სახალხო დამცველის თქმით ეს გადაწყვეტილება ძირს უთხრის მისი ინსიტუტისადმი ნდობას და ლახავს საერთაშორისო ვალდებულებებს, რომლებიც კრძალავს სამსახურებრივ შურისძიებას ადამიანების მიმართ, რომლებიც ეროვნული პრევენციის მექანიზმს ინფორმაციას წამების პრევენციის მიზნით აწვდიან.

მედიის თავისუფლება

ყველაზე რეიტინგული ტელევიზიის „რუსთავი 2“-ის საკუთრების ირგვლივ მიმდინარე დავამ შეშფოთება გამოიწვია ხელისუფლების მედიაში ჩარევასთან დაკავშირებით. ქიბარ ხალვაშმა, რომელიც 2004-2006 წლებში „რუსთავი 2“-ის მფლობელი იყო, აგვისტოში სარჩელი შეიტანა ამ კომპანიაში საკუთარი წილის დაბრუნების მოთხოვნით, რომლის გაყიდვაც, მისი განცხადებით, 2006 წელს მაშინდელმა ენმ-ის ხელისუფლებამ აიძულა. ნოემბერში, თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი ხალვაშის სასარგებლოდ გამოიტანა და „რუსთავი 2“-ს დროებითი მმართველები დაუნიშნა, რაც ადგილობრივმა უფლებადამცველთა ჯგუფებმა ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობად შეაფასეს. ერთი კვირის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა სამოქალაქო პროცედურული კოდექსის იმ მუხლის მოქმედება, რომელმაც შესაძლებელი გახადა დროებითი მმართველების დანიშვნა. „რუსთავი 2“-ის არსებული ხელმძღვანელობის მტკიცებით, სამართლებრივი დავა ხელისუფლების მიერაა მართული და ოპოზიციური არხის ხელში ჩაგდების მცდელობას ემსახურება. არხის ხელმძღვანელობა სასამართლო გადაწყვეტილებების გასაჩივრებას აპირებდა. „რუსთავი 2“-მა განაცხადა, რომ სამართლებრივმა დავამ,  მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილებით კომპანიისა და მისი საკონტროლო პაკეტის მფლობელი კომპანიის აქტივების დაყადაღებამ, ტელეკომპანიას სერიოზული ფინანსური და ლოგისტიკური სირთულეები შეუქმნა.

ოქტომბერში, „რუსთავი 2“-ის დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მთავრობის ერთ-ერთი თანამდებობის პირი მას პირადი ვიდეოს გამოქვეყნებით დაემუქრა, თუ ის „გვერდზე არ გაიწეოდა“. პროკურატურამ ამ მუქარის გამოძიება დაიწყო. რამდენიმე დღეში ინტერნეტით გავრცელდა ფარული ჩანაწერები, რომელშიც გვარამია მითითებებს იღებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისგან, მოემზადოს არხის დასაცავად ხელისუფლებასთან შესაძლო „ფიზიკური დაპირისპირებისთვის“.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების უმეტესობამ, მათ შორის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და ეუთო-ს წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში, შეშფოთება გამოთქვა „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით.

აგვისტოში, ტელეკომპანია „იმედმა“, რომელიც რეიტინგით მეორე ტელევიზიაა საქართველოში, პოლიტიკური ტოქშოუები შეაჩერა. ერთი ტოქშოუს წამყვანი და მეორის თანაწამყვანი, ინგა გრიგოლია, ამ გადაწყვეტილების მიღებაში ხელისუფლების როლზე საუბრობდა.

სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა

ოქტომბერში, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა ქართველ მართლმადიდებელ  მღვდელსა და კიდევ სამ ადამიანს, რომელთაც თბილისში 2013 წლის მაისში ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის ჩაშლა ედებოდათ ბრალად. სასამართლომ გადაწყვეტილების საფუძვლად გონივრული ეჭვის მიღმა ბრალდებულთა დანაშაულის დასამტკიცებლად არასაკმარისი მტკიცებულება დაასახელა. 2013 წელს, ათასობით კონტრდემონსტრანტმა, რომელთა შორის რამდენიმე მართლმადიდებელი მღვდელი იყო, სასტიკად დაარბია მშვიდობიანი აქცია. პოლიციამ აქციის მონაწილეები, მართალია, გაიყვანა სამშვიდობოს, მაგრამ ვერ შეძლო ბრბოს შეჩერება, რომელიც ქვებს და სხვა საგნებს უშენდა მიკრო ავტობუსს, რომლითაც მონაწილეები გაჰყავდა.

 

აგვისტოში, სასამართლომ განზრახ მკვლელობის ჩადენის ბრალდება მოუხსნა კაცს, რომელმაც 2014 წლის ნოემბერში ტრანსგენდერი ქალი საბი ბერიანი მოკლა, ხოლო მის ბინას ცეცხლი წაუკიდა, სავარაუდოდ, დანაშაულის კვალის წაშლის მიზნით. სასამართლომ ბრალდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ძალადობისა და ქონების განზრახ დაზიანებისთვის. უფლებადამცველმა ჯგუფებმა თხოვნით მიმართეს პროკურატურას, გაასაჩივროს გადაწყვეტილება და გაითვალისწინოს სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული, როგორც დამამძიმებელი გარემოება.

ძირითადი საერთაშორისო აქტორები

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა თხოვნით მიმართა სასამართლოს მოსამართლეებს, სანქცია გასცენ საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის კონფლიქტის დროს ჩადენილი დანაშაულების, მათ შორის ოსური შეიარაღებული ფორმირებების მიერ (ზოგ შემთხვევაში რუსეთის სამხედრო ძალების შესაძლო მონაწილეობით) და საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ჩადენილ დანაშაულებათა გამოძიების ჩატარებაზე.

ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების შესახებ ანგარიშში, რომელიც მარტში გამოქვეყნდა, ევროკავშირმა აღნიშნა გარკვეული პროგრესი, მაგრამ, ამავე დროს, მიუთითა ძალაუფლების შტოების გამიჯვნისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის, „პოლიტიკური შურისძიების, კონფრონტაციისა და პოლარიზაციის“ თავიდან აცილებისა და სამართალდამცავი ორგანოების ანაგიშვალდებულების გაზრდის საჭიროებაზე.

მარტში, გაეროს სპეციალური მომხსენებელი წამების საკითხებზე საქართველოს ეწვია. მან მიღწეული წინსვლა აღნიშნა, მაგრამ იქვე ხაზი გაუსვა რიგ სფეროებში მდგომარეობის გაუმჯობესების საჭიროებას, მათ შორის, პატიმრებსა და ოჯახის წევრებს შორის უფრო ხშირი კონტაქტის და პატიმრებისთვის შინაარსიანი საქმიანობის უზრუნველყოფის მხრივ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ თავის ოქტომბრის რეზოლუციაში საქართველო გააკრიტიკა „წინასწარი პატიმრობის არასათანადოდ გამოყენების“ გამო, მათ შორის „პოლიტიკური კონკურენტების დისკრედიტირების ან სხვაგვარად განეიტრალების“ მიზნით.

ასევე, ოქტომბერში, ასამბლეის თანამომხსენებლებმა საქართველოს საკითხებში, ქვეყანაში სამუშაო ვიზიტის შემდეგ, განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ხაზგასმული იყო ძირითადი პრობლემები, მათ შორის მედიის თავისუფლება, სისხლის სამართლის რეფორმა და საარჩევნო სისტემა.

ნოემბრის განცხადებაში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიამ, რომელიც ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მთავარ ორმხრივ დიალოგს წარმოადგენს, ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მიერ რეფორმების განხორციელებაში მიღწეული წარმატებები, მაგრამ, აგრეთვე, მოუწოდა ხელისუფლებას გააუმჯობესოს სიტუაცია მთელ რიგ სფეროებში, მათ შორის, არჩევნების, მედიის თავისუფლებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის მხრივ“- წერია Human Rights Watch-ის მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში.

იტვირთბა....