ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ავტომობილის არასწორად პარკირებისთვის ჯარიმების ოდენობა იზრდება

თბილისის მერიის ინიციატივით და პარლამენტთან თანამშრომლობით შემუშავებული საკანონმდებლო ინიციატივების პაკეტის თანახმად, ავტომობილის არასწორად პარკირებისთვის ჯარიმების ოდენობა იზრდება. ამასთან, ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ტროტუარზე ავტომობილის პარკირება დაუყოვნებლივ დაექვემდებარება ევაკუაციას. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა საკანონმდებლო ორგანოში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

დავითულიანის თქმით, აღნიშნული ცვლილებები ფეხით მოსიარულეების, შშმ პირების, ველოსიპედებითა და ელექტროტრანსორტით მოსარგებლე მოქალაქეების უფლებების დაცვის მეტი გარანტიის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

“წარმოდგენილი ცვლილებები მნიშვნელოვანი რგოლია რეფორმების იმ ჯაჭვში, რომელიც ჩვენს დედაქალაქში თანამედროვე, ევროპული ტიპის მოწესრიგებული სატრანსპორტო სისტემის ფორმირებას ემსახურება. თბილისის მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო პოლიტიკა ორიენტირებულია პირველ რიგში ქვეითებზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე, და მხოლოდ ამის შემდეგ კერძო ავტომობილებით მოსარგებლეებზე“, – აცხადებს დავითულიანი.

​პროექტის თანახმად:

  • ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ტროტუარზე ავტომობილის პარკირება დაუყოვნებლივ დაექვემდებარება ევაკუაციას;
  • მუნიციპალიტეტს მიენიჭება უფლება განსაზღვროს საავტობუსო ზოლზე ტაქსის გადასვლის ადგილები და პირობები;
  • უქმდება მანქანის საქარე მინაზე ჯარიმის ოქმის დატოვების წესი, სამართალდამრღვევს ოქმი გაეგზავნება სტანდარტული წესით და ამავდროულად მიუვა სმს შეტყობინება;

ამასთან, ავტომობილის ველოსიპედის ბილიკზე მოძრაობა, დგომა ან გაჩერება; ტაქსის პარკირების ადგილზე გაჩერება; სატრანსპორტო საშუალების გზაზე მიტოვება; ელექტრო ძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილზე პარკირება და შშმ პირებისთვის განკუთვნილ გაჩერების ადგილზე პარკირება, გამოიწვევს დაჯარიმებას არსებული 50 ლარის ნაცვლად 100 ლარით.

მსუბუქი მანქანისათვის გამოყოფილ პარკინგზე ტრაილერის, ავტობუსის და სხვა შეუსაბამო ტიპის სატრანსპორტო საშუალების პარკირება ასევე გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

ამავდროულად, ზონალური პარკირების სისტემის დანერგვამ განაპირობა ამკრძალავი ნიშნის მოთხოვნის დაუცველობასა და პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმის 10 დან 50 ლარამდე გაზრდის საჭიროება.

იტვირთბა....