ასპინძის მუნიციპალიტეტში ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელების შემთხვევები დაფიქსირდა. “სამხრეთის კარიბჭის” ინფორმაციით, ვირუსი სამ ადამიანს დაუდასტურდა.
როგორც ასპინძის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, ორი შემთხვევა სოფელ ორგორაში გამოვლინდა, მესამე კი დაბა ასპინძაში. არსებული ინფორმაციით, პაციენტები თბილისის კლინიკების რეანიმაციულ განყოფილებებში მკურნალობან. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
“მუნიციპალიტეტის ორ წერტილში ეპიდაფეთქებაა. პრევენციული ღონოსძიებები მიმდინარეობს, ვიკვლევთ კონტაქტებს, ვაფრთხილებთ მოსახლეობას. არის საშიშროება, რომ ოჯახის წევრებსაც გადაედოთ, რადგან აღნიშნულ პაციენტებს სახლში ყოფნისას მაღალი ტემპერატურა გამოუვლინდათ. მაშინ,როცა ჰემორაგიული ცხელება აქვს ადამიანს,უფრო მეტია გადამდებლობა. ეს საფრთხე 12–14 დღის განმავლობაში არსებობს“, – მოჰყავს ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, მზია პაპაშვილის სიტყვები “სამხრეთის კარიბჭეს”.
ყირიმ–კონგოს შემთხვევები მუნიციპალიტეტში გასულ კვირას დაფიქსირდა. ამჟამად პაციენტებთან ერთად, მათი ოჯახის წევრებსაც აკვირდებიან. დაავადების გადადების საფრთხე სიმპტომების გამოვლენიდან 12–14 დღეა.