„ჯანელიძე ძალიან ნიჭიერია, თუმცა ის გამოცდილება არ აქვს, რომელიც ლავროვთან შეხვედრას სჭირდება“ – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ.
მისი განცხადებიდან გამომდინარე, ქანთარია ფიქრობს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს საკმარისი კომპეტენცია არ აქვს. ამის შესახებ ქანთარიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
„შეხვედრა ვფიქრობ, რომ აუცილებელია, თუმცა არ ვიცი ერთი-ერთზე რამდენად წონიანი იქნება ბატონი ჯანელიძე. ის ძალიან ნიჭიერია, მაგრამ ის გამოცდილება არ აქვს, რომელიც ჭირდება ლავროვთან შეხვედრას. საკმაოდ კარგად უნდა ვიყოთ მომზადებული ამ შეხვედრისთვის”, – განაცხადა ქანთარიამ.
ის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შესახვედრად კომპეტენტურად და წონიან დიპლომატად საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძეს მიიჩნევს, რომელიც რამდენიმე დღის წინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.
“საკმაოდ კარგად უპასუხა ბატონმა თედო ჯაფარიძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს. თედო უფრო ფრთხილი და მოზომილია ხოლმე, თუმცა, ამ შემთხვევაში ისევ დიპლომატიური, მაგრამ მკვეთრი პასუხი გასცა. თედო ჯაფარიძე არის მძიმე წონიანი დიპლომატი, რომელიც შეიძლება პირისპირ დაჯდეს ლავროვთან”, – განაცხადა ქანთარიამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის მზადყოფნა გამოთქვა.