უკრაინის გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიქტოვას განცხადებით, რუსები კრაინელ ბავშვებს აიძულებენ, მონაწილეობა მიიღონ იარაღის გადაზიდვაში, სამხედრო ინფორმაციის შეგროვებასა და ოკუპანტებისთვის მიწოდებაში. ამის შესახებ ვენედიქტოვა Facebook-ზე წერს.
“ეს არის რუსეთის ომი უკრაინელი ბავშვების წინააღმდეგ და უკრაინელი ბავშვების ჩართულობით. არასრულწლოვნების საკითხებზე მომუშავე პროკურორებს ორი ფოკუსი აქვთ – ესენია მსხვერპლი ბავშვები და ბავშვები, რომლებსაც კანონთან აქვთ კონფლიქტი. ომის განმავლობაში, რომელიც რუსეთმა ჩვენს მიწაზე წამოიწყო, უკვე 584 ბავშვი დაშავდა. მათგან 208, დამპყრობლებმა მოკლეს. ეს მხოლოდ ის მონაცემებია, რომელთა დადასტურებაც ოფიციალურად შეგვიძლია. იმის წარმოდგენაც კი შიშისმომგვრელია, თუ რამდენი ასეთი შემთხვევაა ბლოკადაში მყოფ მარიუპოლში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე. რუსეთი ჩვენს ბავშვებს სხვა გზებითაც ანადგურებს – მათ შეიარაღებულ კონფლიქტში ითრევს და აიძულებს, არაპირდაპირი მონაწილეობა მიიღონ სამხედრო ინფორმაციის შეგროვებაში ან სამხედრო ინფორმაციის ოკუპანტებისთვის გადაცემაში, იარაღის გადაზიდვასა და მსგავს ქმედებებში. ეს ბავშვთა უფლებების შესახებ გაეროს 38-ე კონვენციის პირდაპირი დარღვევაა. ჩვენ 8 ბავშვის მონაწილეობა დავაფიქსირეთ ასეთ მოქმედებებში”, – წერს ვენედიქტოვა.
გენპროკურორს კონკრეტული შემთხვევებიც მოჰყვავს. მისი ინფორმაციით, ხარკოვის რეგიონში 12 წლის მოზარდმა ფულადი ჯილდოს დაპირების სანაცვლოდ მტერს უკრაინის შეიარაღებული ძალების ტექნიკის, საგუშაგოების და სამხედრო ნაწილების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა ლუგანსკის რეგიონშიც.
როგორც გამოცემა UNIAN იუწყება, ასევე ინფორმაცია გავრცელდა ხარკოვის ოლქში 17 წლის მოზარდის შესახებ, რომელიც YouTube-ს არხის მეშვეობით აგრესორის საქებარ მასალებს ავრცელებდა უკრაინაში ოკუპანტების მოქმედებების მხარდასაჭერად.
გენპტოკურატურის ინფორმაციით, კიდევ ერთი მსგავსი ფაქტი ჩერნიგოვის ოლქში დაფიქსირდა, სადაც 16 წლის ბიჭი ერთ-ერთ ოკუპირებულ სოფელში დამპყრობლებთან ერთად ქუჩებში პატრულირებდა და მტერი იმ ბინებში შეჰყავდა, რომელთა მფლობელებსაც სამართალდამცავ ორგანოებთან ან უკრაინის სამხედრო დანაყოფებთან აქვთ კავშირი და იარაღს ფლობენ.