პარტია “ლელოს” საპარლამენტო გუნდი გამოდის სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის ინიციტივით, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში დასჯადი უნდა გახდეს ლათინური სიმბოლოების Z-სა და V-ს და ასევე, წმინდა გიორგის ლენტის გამოყენება, რომელიც რუსული მილიტარისტული სიმბოლოა.
“დღეს, როდესაც თავისუფალი სამყარო ებრძვის რუსეთს უკრაინაში იმისთვის, რომ დაიცვას თავისუფლება, დემოკრატია და უკრაინის სუვერენიტეტი, ჩვენ ყველას გვესმის, რომ ყველანაირი მცდელობა, მათ შორის პროპაგანდისტული გზავნილებით და პროპაგანდისტული სიმბოლოების გამოყენებით რუსეთის აგრესიის და პუტინის რაშიზმის გამართლება და დაცვა არის საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. სწორედ ამიტომ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს შესაბამის საკანონმდებლო ბაზაში უნდა შევიდეს ცვლილება, რომელიც დასჯადს გახდის ჩვენს ქვეყანაში რუსეთის აგრესიული პოლიტიკის სიმბოლოების გამოყენებას. ასეთი სიმბოლოები, რომელიც ჩვენი შეხედულებით უნდა აიკრძალოს, ეს არის ე.წ. წმინდა გიორგის ლენტი, რომელსაც სამწუხაროდ, ხშირად ვხედავთ ჩვენი ქვეყნის საჯარო სივრცეში და ასევე, უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში რუსეთის აგრესიის სიმბოლოდ ქცეული ლათინური ასოების Z-ს და V-ს გამოყენება ასევე ჩვენი აზრით უნდა გახდეს დასჯადი ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა, სალომე სამადაშვილმა თანაგუნდელებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.