თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავოშოღლუს განცხადებით, NATO-ს წევრ ზოგიერთ ქვეყანას უკრაინაში ომის გაგრძელება სურს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია CNN Türk-თან ინტერვიუში განაცხადა.
ჩავოშოღლუს არ დაუკონკრეტებია, რომელ ქვეყნებს გულისმობს, თუმცა, აღნიშნა, რომ მათ ამ ომის გაგრძელება იმიტომ სურთ, რომ ფიქრობენ, ამით რუსეთი დასუსტდება.
“NATO-ში არიან ქვეყნები, რომლებსაც უნდათ, რომ უკრაინაში ომი გაგრძელდეს. ისინი ომის გაგრძელებაში ხედავენ რუსეთის დასუსტების გზას. მათ ნაკლებად ადარდებთ უკრაინაში არსებული სიტუაცია”, – აცხადებს ის.
ამასთან, ჩავოშოღლუმ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების თურქეთში გამართულ რაუნდთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და ასევე აღნიშნა, რომ უკრაინისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრა მათი ქვეყნის ტერიტორიაზე განიხილება.
“სტამბულში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ დიდი იმედევი გვქონდა, თუმცა, როცა [ბუჩადან] ფოტოები გავრცელდა, ცხადი გახდა, რომ ეს წინააღმდეგობაში მოდიოდა სტამბულის შეთანხმებასთან. ორი ლიდერის შეხვედრა განიხილება. თუ პუტინის და ზელენსკის შეხვედრა შედგება, ის შეიძლება იყოს სტამბულში ან ანტალიაში”, – ამბობს ჩავოშოღლუ.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს 24 თებერვლის შემდეგ აწარმოებს.