“უკრაინა ითხოვს, რომ დაგვიბრუნეთ ჩვენი მოქალაქეო, მე მაქვს ინფორმაცია, რომ ზელენსკიმ ჩვენს პრეზიდენტს მიმართა პირადად”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“უკრაინამ გამოგზავნა ოფიციალური თხოვნა, რომ დაგვიბრუნეთ ჩვენი მოქალაქეო. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩემი შვილი ფაქტობრივად, განდევნეს აქედან, ჩამოართვეს ეს მოქალაქეობა და იძულებული გახდა გამხდარიყო უკრაინის მოქალაქე. უკრაინა ითხოვს, რომ დაგვიბრუნეთ ჩვენი მოქალაქეო. არ ვიცი, რა მოჰყვება ამას. არაოფიციალური მიმართვა იყო არაერთხელ. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ზელენსკიმ ჩვენს პრეზიდენტს მიმართა პირადად, მაგრამ არავითარი რეაქცია ამას არ მოჰყოლია აქეთა მხრიდან. მე ვიყავი პოლონეთში, შევხვდი კაჩინსკის, გავიცანი პრემიერიც და ყველა მოწადინებულია ყველანაირად და ყველაფერი გააკეთა ამ ხალხმა, ჩამოვიდა პრემიერი, პრეზიდენტი, საგარეო მინისტრი, ლიტვამ, სეიმმა მიიღო რეზოლუცია გაყვანასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის გამო და მაინც არაფერი არ იძვრის. ამასობაში, მისი მდგომარეობა დამძიმდა და ის სიმპტომები, რომლებიც თავიდანვე იყო გამოხატული, ახლა ბევრად უფრო დამძიმებულია. უკვე თვითონ ამბობს, რომ ვარ ავად და მჭირდება გადაუდებელი მკურნალობაო. მაინტერესებს ყველას აზრი და რჩევაც, როგორ მოვიქცეთ?”, – ამბობს ალასანია.