27 იანვარს წმინდა ნინოს გარდაცვალების დღე აღინიშნება. საზეიმო წირვა ყველა მოქმედ ტაძარში შესრულდება, მათ შორის ბოდბის მონასტერშიც, სადაც წმინდა ნინოს საფლავია. სიონის საკათედრო ტაძარში დღეს დილიდან გამოაბრძანეს წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი. თბილისში წმინდა ნინოს სახელობის ხუთი ტაძარია, სადაც ნინოობის დღესასწაული განსაკუთრებულად აღინიშნება. საზეიმო წირვა ქვეყნის ყველა მართლმადიდებელ ტაძარში ტარდება. განსაკუთრებულად დღესასწაული აღინიშნა სიონში, სადაც წმინდა ნინოს ჯვარია დაბრძანებული, ბოდბეში, სადაც წმინდა ნინოს საფლავია და წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიებში.
ნინოობას საქართველოში ორჯერ აღნიშვნავენ. პირველ ივნისს, წმინდანის საქართველოში შემოსვლის და 27 იანვარს, მისი გარდაცვალების დღეს.
წმიდა ნინო წარმოშობით კაბადოკიის ქალაქ კოლასედან იყო. მისი მამა, ზაბულონი საფრანგეთის განმანათლებლად ითვლება. მოციქულთა სწორი ქალწული ნინო საქართველოში, დაახლოებით, 323 წელს ჯავახეთის მთებით შემოვიდა. მას ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ეპყრა ხელში. წმიდა ნინო ფარავნის ტბასთან ორი დღე შეჩერდა და მეთევზურთაგან მირთმეული საკვებით ძალა მოიკრიბა. დასასვენებლად მიწაზე მიწოლილს ძილში ბრწყინვალე კაცი ეჩვენა, რომელმაც დაბეჭდილი წერილი მისცა და უთხრა, რომ წერილი წარმართთა მეფისთვის მიერთმია, რადგანაც ამისთვის იყო მოვლენილი. წერილის თავში რომაულად იესოს სახელი ეწერა და როგორც მოსეს ქვის ფიცრებზე, ათი სიტყვა იყო დაწერილი.
ქართველთა განმანათლებლისა და მოციქულთა სწორის, წმიდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა. ამ დროს სამეფო ტახტი მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას ეპყრათ.
ბოდბის მონასტერს გამორჩეული ადგილი უკავია. ამის მიზეზი, ისაა, რომ იქ განისვენებს ქართველთა განმანათლებელი, მოციქულთა სწორი წმიდა ნინო. წმიდა ნინოს საფლავი მადლისა და კურნების წყაროდ მიიჩნევა.
წმინდა ნინოს დროიდან მოკიდებული ბოდბის მონასტერი ქართველ მეფეთა და დიდებულთა უპირველესი ზრუნვის საგანს წარმოადგენდა.
წმინდა ნინოს საფლავი იმდენად პატივცემული იყო, რომ მონღოლებმა, რომლებმაც მიწასთან გაასწორეს მთელი ქვეყანა, დაუნგრეველ-აუოხრებელი დატოვეს მხოლოდ ბოდბის ტაძარი.
წმიდა ნინოს საფლავი ბოდბეში დღესაც სულიერად და ხორციელად კურნავს.