ფრედერიკ ბეგბედერი თანამედროვე ლიტერატურულ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა. მისი რომანები საფარანგეთის, ისევე როგორც მრავალი სხვა ქვეყნის ბესტსელერების სიებში ლიდერობს. ,,99 ფრანკით’’ სახელგანთქმული ავტორი მკითხველს პროვოკაციებს არ აკლებს და ხალხშიც ერთი პირწავარდნილი ჰედონისტის რეპუტაციით სარგებლობს, რომელიც ყოველ მომდევნო წიგნში კიდევ უფრო მეტი შემართებით გმობს მონოგამიას, აშიშვლებს ცოლ-ქმრულ ურთიერთობას და სიყვარულს არა რელევანტურ, არამედ – წამიერ, წარმავალ გრძნობად გვისახავს…
თუმცა, ერთგული მკითხველი მიხვდება, რომ სინამდვილეში, ბეგბედერი ერთი დაკომპლექსებული, სასიყვარულო ურთიერთობებში წარუმატებელი, სუსტი ნებისყოფის მქონე ფრანგია, რომელმაც დეპრესიისგან ხსნა ნარკოტიკებსა და ბოჰემური ცხოვრების წესში ჰპოვა. დიდი დაკვირვება, მისი ყველა ტექსტის ხელახლა გადაკითხვა საჭირო სულაც არ არის, ამ ყველაფერს ბეგბედერი ავტობიოგრაფიულ ,,ფრანგულ რომანშიც’’ აღიარებს, რომელიც საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პრემიის, რენოდოს 2009 წლის ლაურეატი გახლავთ.
სანამ უშუალოდ ,,ფრანგული რომანის’’ განხილვაზე გადავალთ, მგონი ცუდი არ იქნება თუ ავტორის ლიტერატურულ კარიერას მოკლედ მიმოვიხილავთ. ,,ჩამოუყალიბებელი ახალგაზრდის მემუარები’’, ბეგბედერის პირველი რომანი 1990 წელს გამოიცა და უმალ ყურადღების ცენტრში მოექცა, – უკვე იკვეთება ავტორისთვის დამახასიათებელი ინდივიდუალური წერის სტილი, ირონიულობა, მისი ცინიკური დამოკიდებულება არა მარტო ფრანგული ელიტის, არამედ მთელი მსოფლიოს ხმაჩავარდნილი საზოგადოების მიმართ. თუმცა, ბეგბედერი პოპულარობის პიკს ,,99 ფრანკით’’ აღწევს, სკანდალური რომანით, რომელიც სარეკლამო ბიზნესს აშიშვლებს და ადამიანის მერკანტილური ბუნების წარმოჩენას ცდილობს. ფრედერიკის აზრით, კაცობრიობა მხოლოდ და მხოლოდ ორ ფენად – ფულიანებად და უფულოებად – იყოფა. პირველს აქვს ძალაუფლება მეორეზე, თუმცა ეს უკანასკნელნი ამას არ ან ვერ აცნობიერებენ და არჩევანის უფლების სჯერათ. სინამდვილეში კი უკვე კარგა ხანია ჩვენი ნებით აღარაფერს ვირჩევთ. მივისწრაფით სრულყოფილებისაკენ, მოდის ტენდენციებს შეძლებისდაგვარად ფეხს ვუწყობთ, მოკლედ, მაქსიმალურად ვცდილობთ პირველ ფენას შევუერთდეთ. რომანის მთავარი პერსონაჟი ამ ყველაფერს ხვდება, თუმცა, თუ შინაგან ბრძოლას არ ჩავთვლით, ტრაკს არ ანძრევს რაიმეს შესაცვლელად, არ სურს ის ტოტი მოჭრას, რომელზეც ზის. ამის შემდეგ ბეგბედერი მეორდება. მეორდება ყოველ მომდევნო წიგნში. ცდილობს, რაღაც ახალი თქვას, ის რაც, წინა ნაწარმოებებში გამორჩა, თუმცა სინამდვილეში მხოლოდ და მხოლოდ წრეზე დადის. შთაბეჭდილებას გიქმნის, თითქოს ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა – წარუმატებლობისა და ტანჯვის ერთი გრძელი გზა, რომლის ბოლოში მისასვლელადაც ინდივიდუალობაზე უარის თქმაა საჭირო. რამდენად დამაჯერებლად გამოსდის – სხვა თემაა და ამის გარკვევა უკვე მკითხველზეა დამოკიდებული. ბეგბედერს, რაოდენ სასაცილოდ და დაუჯერებლადაც არ უნდა გაიჟღეროს, სინამდვილეში გულახდილობა აკლია. ავტორს, რომელიც არანაირ ტაბუს არ ერიდება და ყველაფერზე პირდაპირ საუბრობს, რაღაც უხილავი ძალა ბოჭავს და აიძულებს ხელოვნური იმიჯი მოირგოს, უარი თქვას საკუთარ თავზე, იქცეს ყალბ კერპად. რასაც, მიაღწია კიდეც. მსხვერპლად კი საკუთარი თავის შეწირვა მოუწია. დროდადრო იგი ამას აღიარებს, მკითხველს აფრთხილებს, ეს კია – ჩუმად, ორი სიტყვით, თითქოს არ სურს რაღაც ისეთი წამოსცდეს, რასაც საკუთარ თავს არ აპატიებს (,,მე მკვდარი ადამიანი ვარ. ვიღვიძებ დილით და ერთადერთი სურვილი მაქვს – დავიძინო. ვიცვამ მხოლოდ შავს: ტრაურში ვარ. ვგლოვობ ადამიანს, რომლადაც ვერ ვიქეცი’’*). ამას მისი დიდი ხნის მეგობარი, ასევე სახელგანთქმული, სკანდალური ავტორი მიშელ უელბეკიც ხვდება და თავის ბოლოს წინა რომანში (აღსანიშნავია რომ ამ ორმა, ეს წიგნები გარკვეულწილად ერთმანეთს მიუძღვნა) ბეგბედერს დაუნდობლად აშარჟებს, – ერთ გულუბრყვილო, უბედურ ,,ტუსოვშიკად’’ გამოჰყავს, რომელიც კრიზისის ზღვარზე იმყოფება. მაგრამ, ყველანი ვბერდებით და ცნობილი ფაქტია – დაბერებასთან ერთად ადამიანი თუ არ ბრძენდება, ჭკვიანდება მაინც. გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც ბეგბედერია.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ,,ფრანგული რომანი’’ ავტობიოგრაფიულია. სკანდალურ ავტორს ქუჩაში ნარკოტიკის მოხმარების გამო დაიჭერენ და ისიც, საშინელ პირობებში, პანიკის ზღვარს მიღწეული, ხსნის ერთადერთ გზას პოულობს – გაიხსენოს ბავშვობა. თუმცა, თავიდანვე გვაფრთხილებს რომ შეიძლება გაუჭირდეს, რადგან ეს პერიოდი მისი მეხსიერებიდან თითქოს აკურატულადაა ამოჭრილი…
სულ პირველ გვერდზე გვხვდება სიტყვები: ,,ვუძღვნი ოჯახს და ასევე ჩემი ოჯახის წევრს, პრისცილა დე ლაფორკადს’’. მართლაც, ეს არის წიგნი ოჯახურ ცხოვრებაზე. წიგნი რომელიც ძალიან განსხვავდება და ამავდროულად ძალიან ჰგავს ბეგბედერის სხვა ტექსტებს. ამ რომანში ავტორი ბოლოს და ბოლოს იხსნის ნიღაბს, საკუთარ ნამდვილ სახეს გვიჩვენებს და კითხვის დროს ადვილად ამოსაცნობია – საკმაოდ სენტიმენტალური, თუმცა მტკიცე, ამაყი ტონით გვიყვება საკუთარ წარმომავლობასა და ცხოვრების იმ ეტაპზე, რომელიც მისთვის საუკეთესო პერიოდს, ერთგვარ L’âge d’or-s წარმოადგენს. გასაკვირიც კია, თუ რაოდენ აფასებს და პატივს სცემს საკუთარ წარმომავლობას ოჯახისგან ადრეულ ასაკში განდეგილი მწერალი, თუ რამხელა სიამაყით იხსენებს წინაპრების საგმირო საქმეებს. ,,ფრანგული რომანი’’ არის წიგნი, რომელშიც ბეგბედერი არ იტყუება, არ ირჩევს ერთ გარკვეულ მხარეს და განსაზღვრულ შეხედულებებს ლობირებას არ უწევს. არა! ამჯერად ის საკუთარი თავია, ისეთი, როგორიც ყოველთვის იყო და მუდამ დარჩება – ერთი მიამიტი, ამბიციური ფრანგი ბურჟუა ბიჭუნა, ფუფუნებასა და სიყვარულს შეჩვეული ახალგაზრდა, რომელსაც ჯერ კიდევ ამჩნევია ადრეულ ასაკში მშობლების დაშორების, აქეთ-იქით ხეტიალის, ცხოვრებაში საკუთარი ადგილის პოვნის ცრუ იმედის ქონის კვალი.
წიგნში მოქმედება ორ ნაწილად იყოფა – ერთი ახლანდელ დროში ვითარდება, სადაც საკანში გამომწყვდეული ბეგბედერი, ანტისანიტარიას და კლაუსტროფობიას ებრძვის, და მეორე – წარსულში, როცა იგი ჯერ ისევ პატარა, გამხდარი, ,,უშნო’’, დიდცხვირა და წამოწეულკბილებიანი ბიჭია. რომანში ხაზი ესმევა ბევრ საინტერესო და ვიტალურ თემას, რომლის ერთ-ერთი მაგალითიც ძმების ერთმანეთისადმი დამოკიდებულებაა. როგორც ბეგბედერი წერს, ჩარლზი მას ათი თავით სჯობდა და ახლაც სჯობს. იგი ყოველთვის ყველაფერში პირველი იყო. მასზე გაცილებით ლამაზი, ადვილად აბამდა გოგოებს, მაშინ როცა თვითონ, უმცროსი ძმა, ნძრევით ირთობდა თავს. ძმებს შორის ყოველთვის იყო აშკარად გამოხატული თუ ფარული დაპირისპირება, ერთი-მეორის მიღწევების გადაფარვის სურვილი, ჯანსაღი თუ არაჯანსაღი კონკურენცია. ამჟამად ჩარლზ ბეგბედერი საპატიო ლეგიონის ორდენის მფლობელი, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფრანგი ბიზნესმენია და უმცროსი ძმისგან რადიკალურად განსხვავებულ ცხოვრების წესს ეწევა, თუმცა ძმები ახლაც ინარჩუნებენ ახლო კონტაქტს და ,,უერთმანეთოდ ვერ ძლებენ’’. რომანში არაერთხელ შეგხვდებათ გაცისკროვნებული ფრედერიკის სიტყვები, თუ რაოდენ ამაყობს უფროსი ძმით, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული გზებით წავიდნენ. რთულია, ამ დროს სენტიმენტები შეიკავო.
,,ფრანგულ რომანში’’ არაჩვეულებრივადაა წარმოჩენილი განქორწინების თანმდევი ნეგატიური შედეგები, რომლებიც ძირითადად ბავშვებზე ისახება. ბეგბედერების ადრეულ ასაკში დაშლილი ოჯახი, დედასთან ერთად მცხოვრები ფრედერიკი და ჩარლზი არაერთხელ იქნებიან სიდუხჭირის ზღვარზე, თუმცა დედა, შეუპოვარი, ძლიერი ბუნების მქონე კრისტენ დე-შატენიე თავს უფლებას არ აძლევს ყურები ჩამოყაროს და შვილებისთვის ძალ-ღონეს არ იშურებს, მაქსიმალურად ცდილობს მათ განვითარებას ხელი შეუწყოს და შეძლებისდაგვარად არაფერი მოაკლოს. ბეგბედერს სხვა რომანებშიც, მარკ მარონიეს, ოქტავ პარანგოსა თუ ოსკარ დიუფრენის ენით არაერთხელ აუღნიშნავს თუ რამხელა ტრავმა იყო მისთვის მშობლების დაშორება. სწორედ იმ ხანიდან მოყოლებული ებადება ეჭვები ცოლ-ქმრული ურთიერთობის სიმტკიცეზე და მთელი ცხოვრება ამ ეჭვებით შებოჭილი, საკუთარ, პირად ცხოვრებაშიც განიცდის ფიასკოს. რის გამოც, როგორც აღმოჩნდება, სინამდვილეში ძალიანაც წუხს.
თუმცა, რომანს ჰეფი-ენდი აქვს. ფრედერიკი ციხიდან გამოვა, ბავშვობაც გახსენებულია, ჩარლზს ელისეს სასახლის საზეიმო სხდომათა დარბაზში ორდენს გადასცემენ – ,,…დედას წითელი საყურე ეკეთა, მამას მუქი ლურჯი კოსტიუმი ეცვა. როდესაც რესპუბლიკის პრეზიდენტმა შარლს პიჯაკზე ორდენი დააბნია, ჩემმა ძმისშვილმა ემილიმ, შარლის სამი წლის გოგონამ, წამოიყვირა: ,,დედიკო, ყაყა მინდა’’, წერს ბეგბედერი და შენც, მთელი წიგნის განმავლობაში მონაყოლი სევდიანი ისტორიის გახსენებისას, ამ კურიოზულ მომენტზე თავს ვეღარ იკავებ და ცრემლები გადგება.
ბოლო სცენაში, სადაც სენიცის პლაჟზე ფრედერიკი თავის გოგონასთან ერთად დასეირნობს და პაპისგან ნასწვალი რიკოშეტის ხელოვნების მისთვის გაზიარებას ცდილობს, ბეგბედერი წერს: ,,წინ გამოწეული კბილებით, რაც ჩემგან ერგო მემკვიდრეობით, ქლოემ ქვედა ტუჩზე იკბინა. ორივე ყურადღებამოკრებილები და წარბშეჭმუხნილები ვდგავართ. არ უნდა ჩამიფლავდეს ქვის სროლა, ჩემი გოგონა დიდხანს ვერ იდგება ყურადღებამოკრებილი, მე კი სხვა შანსი აღარ მომეცემა. მსუბუქად დავტრიალდი. წრე მოვხაზე, მკლავი კარგად გავიწვდინე უკან, ხელი დავტოვე ჰორიზონტალურად, ოლიმპიური ჩემპიონივით. მერე, მთელი ძალით მოვწყდი და გავისროლე ქვა გაშლილ ზღვაზე, რომელიც ხელის მკვეთრი მოქნევით ასხლტა ზედაპირზე. ქვა ზღვისკენ წავიდა. მე და ჩემი გოგონა აღტაცებულები ვუყურებთ, როგორ ახტა ერთხელ, გამოეკიდა ცასა და ზღვას შორის და აისხლიტა, ახტა კიდევ, ექვსჯერ, შვიდჯერ, რვაჯერ, თითქოს სამუდამოდ გაფრინდა.’’
და შენც წიგნს გაღიმებული ხურავ.
ლაშა მილორავა
- ფ. ბეგბედერი, ,,სიყვარული გრძელდება სამი წელი’’