“ცხადაძე მუდმივად საუბრობდა, რომ ფედერაციას და მინისტრს მისი გაშვება უნდოდა”
დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, კახა ცხადაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა. ცხადაძის გათავისუფლების წინადადებით ფეხბურთის ფედერაციის ახალმა პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მიმართა.
თავად ცხადაძე, ბოლო პერიოდში, მუდმივად საუბრობდა იმაზე, რომ ფედერაციას და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილს სურდათ მისი ნაკრებიდან გაშვება.
„მეტრონომი“ საფახბურთო სფეროში განვითარებულ მოვლენებზე ცნობილ სპორტულ ჟურნალისტს ლაშა დვალიშვილს ესაუბრა.
“მეტრონომი”: როგორ აფასებთ ცხადაძის მოკლევადიან მოღვაწეობას?
ლაშა დვალიშვილი: პოზიტიურად ვაფასებ, მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავების მომწყვეტი შედეგი არ ჰქონია. მთავარი არის ის, რომ ნაკრებში არსებულ სკანდალურ ვითარებებს წერტილი დაესვა და მსგავსი ინციდენტები აღარ მოხდება, რაც იყო წინამორბედ მწვრთნელთან დაკავშირებით. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს, თუნდაც ფეხბურთელების კომენტარებიც, რომ სწორ გზაზე დგას საქართველოს ნაკრები კახა ცხადაძის მეთაურობით, ეს უკვე ბევრის მთქმელია. ისიც მნიშვნელოვანია, რომ არცერთი ფეხბურთელი კრიტიკულ განცხადებას არ აკეთებს მის მიმართ. ამ მოკლე დროში ცხადაძეს კი არა, ათ მაურინიოს საქართველოს ნაკრების მწრთვნელის რანდში, ვერანაირ განსაკუთრებული შედეგი ვერ ექნებოდა. ცხადაძის ხელში რაც ნაკრებმა თამაშები ჩაატარა, იდეალური შედეგის არქონის მიუხედავად, ძალიან ბევრი სასიკეთო მომენტები შეინიშნებოდა“.
– ლევან კობიაშვილმა განაცხადა, რომ ზოგმა ვერ მოინელა ჩემი ფეხბურთის ფედერაციაში მოსვლაო. თქვენი აზრით, ცხადაძე და მისი გუნდი იგულისხმა?
– მოდით ასე შევხედოთ… ნებისმიერი ნაკრების მთავარი მწრთვნელის და სამწრთვნელო შტაბის დანიშვნა არის ფეხბურთის ფედერაციის კომპეტენცია. ცხადაძეს თავისი ინიციატივით არ გაუკეთებია განცხადება, რომ იგი ტოვებდა თანამდებობას. ამიტომ მოუნელებელი ცხადაძეს კობიაშვილის არჩევაში რა უნდა ჰქონდეს, ჩემთვის გაუგებარია. ეტყობა სხვა ადამიანებს გულისხმობდა, იმიტომ, რომ ცხადაძეს ჰქონდა თავისი საქმე მის სამრწთვნელო შტაბსაც აქვს თავისი საქმე და შესაბამისად, მე ცოტა მეეჭვება, რომ ცხადაძე და თუნდაც ჩიხრაძე მოიაზრებოდნენ ამ განცხადებაში. როგორც ჩანს, ლევან კობიაშვილი სხვა პიროვნებებს გულისხმობდა. თუმცა, ვინ არიან ეს სხვები სიმართლე გითხრათ, მე ამ სიტუაციიდან გამომდინარე და ამ სიტუაციის პარალელურად, არანაირი აზრი არ გამაჩნია.
– ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე პირადად მონაწილეობდა. ფიქრობთ, რომ ცხადაძის გაშვებაც კალაძის უშუალო დავალებით თუ არა, მასთან შეთანხმებით მაინც, არ მოხდა?
– არა, მე ვარაუდებზე ვერ დავიწყებ საუბარს. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის თავად იღებს გადაწყვეტილებებს და შესაბამისად მისი შეურაცხყოფაა, როდესაც ამბობენ იმას, რომ სხვები იღებენ გადაწყვეტილებას. მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. კალაძე და კობიაშვილი ბავშვობიდან მეგობრობენ ერთმანეთთან, ძალიან ახლო ურთიერთობა აქვთ და ამაში ანომალიურს მე ვერაფერს ვხედავ, რომ კალაძეს სურდა კობიაშვილის გაპრეზიდენტება.
– მე გაპრეზიდენტებას არ ვგულისხმობ, კალაძე ვის გულშემატკივრობდა ეს სხვა საკითხია. მე გკითხეთ როგორ ფიქრობთ, იქნებოდა ინფორმირებული ცხადაძის მოხსნაზე ენერგეტიკის მინისტრი?
– მე საიდან უნდა გითხრათ. მე ჩვეულებრივი ჟურნალისტი ვარ. არც ფეხბურთის ფედერაციაში არ ვმუშაობ. მათი შიდა სამზარეულო ნაკლებად მეხება. ახალი პრეზიდენტის მოსვლის შემდეგ დაახლოებით ორ კვირაში გამანთავისუფლეს. ვიცე-პრემიერი რა გადაწყვეტილებებს იღებს საერთოდ ერევა თუ არა საფეხბურთო საქმიანობაში არ ვიცი. ეს მათ უნდა ჰკითხოთ.
ესაუბრა მარიამ ვარადაშვილი