უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლი, ანტონ გერაშენკო უკრაინის იმ მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთში საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს, სამშობლოში დასაბრუნებლად ევროპის ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში ჩასვლას ურჩევს.
გერაშენკოს თქმით, ამ გზით, უკრაინელები შეძლებენ, საჰაერო ან სახმელეთო გზით გადავიდნენ იმ სახელმწიფოების ტერიტორიებზე, რომლებთანაც უკრაინას ომის პირობებშიც აქვთ მიმოსვლა. ასეთებია: პოლონეთი, უნგრეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი და მოლდოვა.
“უკრაინელების 99,9 პროცენტი რუსეთში ძალით გადაჰყავთ. რუსები მარიუპოლის მოსახლეობას სპეციალურად არ აძლევდნენ ჰუმანიტარული გზით ქალაქიდან გასვლის შესაძლებლობას. ეს აუტანელ და საფრთხისშემცველ გარემოს უქმნიდა უკრაინელებს, რის შედეგადაც, ადამიანები იძულებით გადაჰყავდათ რუსეთში. იმ უკრაინელებს, რომლებსაც სამშობლოში დაბრუნება სურთ და საზღვარგარეთის პასპორტი აქვთ, შეუძლიათ ჩავიდნენ ევროკავშირის ქვეყნებში, ანაც, საქართველოში და იქედან ჩაფრენა ან სხვა სახის ტრანსპორტით სლოვაკეთში, უნგრეთში, რუმინეთში, მოლდოვაში, პოლონეთში – ანუ, ქვეყნებში, რომლებთანაც უკრაინას რუსეთის თავდასხმის შემდეგ თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა დარჩა. არის უკვე ასეთი შემთხვევები, ამ გზით რომ დაბრუნდენ უკრანაში”, – აცხადებს გერაშენკო და დასძენს, რომ უკრაინის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც პასპორტი არ აქვთ და რუსეთში იძულებით იმყოფებიან, სმარტფონების საშუალებით რეგისტრაციის გავლა და ელექტრონული დოკუმენტის მიღება შეეძლებათ, რომელიც შექმნილი საგანგებო მდგომარეობის პირობებში, საზღვარგარეთის პასპორტთან იქნება გათანაბრებული.