ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ღარიბაშვილი: საჭიროა მაქსიმალური კოორდინაცია, რომ ევროკავშირის კითხვარი დროულად შევავსოთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საჭიროა ყველა უწყების მაქსიმალური კოორდინაცია, რომ ევროკავშირის კითხვარი დროულად შეავსონ და ევროპელ პარტნიორებს გადაუგზავნონ.

ამის შესახებ ღარიბაშვილმა ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის 62-ე სხდომაზე განაცხადა, რომელიც მისი ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

“3 მარტს გავაკეთეთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, რითაც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება ჩვენ გვაკისრებს დიდ პასუხისმგებლობას, გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. დღევანდელ შეკრებაზე ევროკომისიის მიერ 11 აპრილს გადმოცემული კითხვარის შესავსებად გასატარებელ ღონისძიებებს განვიხილავთ. საგარეო საქმეთა მინისტრი ლუქსემბურგში პირადად შეხვდა ევროკომისარ ვარჰეის, რომელმაც მას აღნიშნული კითხვარი გადასცა. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რომ ვიმსჯელოთ ღონისძიებებზე, რომელიც უნდა გავატაროთ ყველამ ერთად. საჭიროა ყველა უწყების ჩართულობა, მაქსიმალური კოორდინაცია, იმისთვის, რომ მაქსიმალურად ეფექტიანად და სწრაფად შევავსოთ ეს კითხვარი და დროულად დავუბრუნოთ შევსებული დოკუმენტი”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ ევროკომისიის კითხვარის ტექსტი გაასაჯაროვა. 

იტვირთბა....