გამოცემა Reuters-ის ცნობით, რუსეთმა ბრაზილიას თხოვნით მიმართა, დაეხმაროს საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკისა და დიდი ოცეულის პლატფორმებზე, რომ მათ შეძლონ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებთან გამკლავება.
როგორც “როიტერი” იუწყება, რუსეთის ფინანსთა მინისტრი, ანტონ სილუანოვი ბრაზილიის ეკონომიკის მინისტრ პაულო გედესისთვის გაგზავნილ წერილში ითხოვს, ბრაზილიამ რუსეთს დახმარება აღმოუჩინოს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებსა და მრავალმხრივ ფორუმებში, რათა თავიდან აიცილონ “პოლიტიკური ბრალდებები და დისკრიმინაციის მცდელობები”.
“როგორც იცით, აშშ-სა და მისი მოკავშირეების მიერ დაწესებული სანქციების შედეგად, რუსეთი ეკონომიკური და ფინანსური ტურბულენტობის რთულ პერიოდს გადის. კულუარებში მიმდინარეობს მუშაობა, რომ რუსეთი შეზღუდონ, ანაც, სრულებით განდევნონ საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკში გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან”, – ასაჯაროვებს Reuters წერილის შინაარს.
როგორც გამოცემა წერს, ბრაზილიის ეკონომიკის მინისტრის მდივანმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, ერივალდო გომესმა ზემოთხსენებულის შესახებ კომენტარის გაკეთებისას აღნიშნა, რომ ბრაზილიას სურს, რუსეთი მრავალმხრივ ორგანიზაციებში დისკუსიაში ჩართვის უფლებით სარგებლობდეს.
“ბრაზილიის გადმოსახედიდან, ღია დიალოგის შენარჩუნება აუცილებელია. საერთაშორისო ორგანიზაციები ჩვენი ხიდებია და ჩვენი შეფასებით, ეს ხიდები უნდა შენარჩუნდეს”, – ციტირებს “როიტერი” გომესის სიტყვებს.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს, რის გამოც, ქვეყანას არაერთმა სახელმწიფომ და საერთაშორისო ორგანიზაციამ დაუწესა სანქციები.