ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პაპუაშვილი: ჩვენი შეთავაზებაა, დელეგაციაში თითო პოლიტიკური ჯგუფიდან იყოს თითო წარმომადგენელი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციას სთავაზობენ, უკრაინაში გასამგზავრებლად დელეგაციაში თანაბარი რაოდენობით იყვნენ როგორც მმართველი გუნდის, ისე, თითოეული ოპოზიციური ფრაქციის წარმომადგენლები.

“ჩემი სურვილი იყო, რომ დელეგაცია ყოფილიყო მრავალპარტიული. შევთავაზეთ ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ ყოფილიყო თანაბარი წარმომადგენლობა, თუმცა, არ იყო თანხმობა და შემდეგ, კვლავ შევთავაზეთ – თითო პოლიტიკური ჯგუფიდან ყოფილიყო თითო წარმომადგენელი. ვფიქრობ, ეს შეთავაზება სწორი იყო და შესაბამისად, თხოვნა მექნება ოპოზიციის წარმომადგენლებთან, რომ დროულად მოგვაწოდონ საკუთარი კანდიდატების ვინაობა ამ დელეგაციისთვის. იმედი მაქვს, დღის პირველ ნახევარში ჩვენ ამ საკითხს გავარკვევთ და ველი ყველა პოლიტიკური ჯგუფის მონაწილეობას”, – აცხადებს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინელმა კოლეგამ ქალაქ ბუჩაში მიიწვია, გადაწყდა, რომ უკრაინაში საპარლამენტო დელეგაცია უნდა გამგზავრებულიყო, რომლის შემადგენლობაშიც იქნებოდნენ როგორც მმართველი გუნდის, ისე, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები.

იტვირთბა....