აშშ-ის სახელმწიფო მდივანის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, უკრაინაში ომის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია. მისი თქმით, ახლა უკრაინა ბრძოლების შემდეგი ეტაპისთვის მზადებაშია.
‘შეერთებულმა შტატებმა, მათმა მოკავშირეებმა და პარტნიორებმა ახლა უნდა მიიღონ ზომები, რომ გააძლიერონ სამხედრო დახმარება, რადგან უკრაინა ბრძოლების შემდეგი ეტაპისთვის ემზადება საკუთარი თავისუფლებისა და მომავლის დასაცავად”, – ამბობს ბლინკენი.
ენტონი ბლინკენის თქმით, აშშ მხარს უჭერს უკრაინის დიპლომატიურ ძალისხმევას და ამასთან, მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტზე ზეწოლა უნდა გაიზარდოს.
“ჩვენ მჭიდრო კონტაქტს ვინარჩუნებთ უკრაინასთან და მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ზელენსკის მცდელობას, დიპლომატიური გზებით მიიყვანოს სიტუაცია შეტევების შეწყვეტამდე და რუსი მებრძოლების გაყვანამდე. ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად გავამყაროთ უკრაინის პოზიციები მოლაპარაკებებზე და გავზარდოთ პუტინზე ზეწოლა”, – აცხადებს ბლინკენი.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს 24 თებერვლის შემდეგ აწარმოებს.