სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მთავარი ბუღალტერი დააკავეს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე.
“ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირი, მითითებულ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, სააგენტოს კუთვნილ საბიუჯეტო სახსრებს სისტემატიურად, სხვადასხვა დანიშნულებით რიცხავდა სს “თიბისი ბანკში“ და სს “ლიბერთი ბანკში“ გახსნილ მის პირად საბანკო ანგარიშზე, ხოლო შემდგომ იყენებდა ინტერნეტ ტოტალიზატორებში. ზემოაღნიშნული ხერხით მის მიერ მითვისებულმა, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილმა თანხის ოდენობამ შეადგინა 143 985,13 ლარი, თუმცა, ინტენსიურად გრძელდება საბუღალტრო და საბანკო დოკუმენტაციის შესწავლა, რომლის დასრულების შემდეგაც მოსალოდნელია, მითვისებული თანხის ოდენობა მკვეთრად გაიზარდოს”, – წერია უწყების განცხადებაში.