აშშ-ში დააკავეს 62 წლის ფრენკ ჯეიმსი, რომელმაც ნიუ იორკის მეტროში, ბრუკლინის ხაზის ერთ-ერთ ვაგონში მგზავრებს ნახევრად ავტომატური პისტოლეტიდან ცეცხლი გაუხსნა. შედეგად, დაიჭრა 10 ადამიანი, კიდევ 13 კი ჭყლეტის დროს დაშავდა, როდესაც ვაგონიდან გამოსვლას ცდილობდნენ.
როგორც დასავლურ მედიაში იწერება, მანამ სროლას დაიწყებდა, ფრენკ ჯეიმსმა გაზის ბალონიდან კვამლი გაუშვა, თავდასხმის შემდეგ კი მიმალვა მოახერხა. ნიუ იორკის პოლიციამ ეჭვმიტანილი მომხდარიდან 30 საათში დააკავა. მამაკაცს დაკავების პროცესში სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.
ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტის მთავარი დეტექტივის, ჯეიმს ესიგის თქმით, ეჭვმიტანილი 1992-2007 წლებში, 9-ჯერ იყო დაკავებული ნიუ იორკში, ხოლო სამჯერ ნიუ ჯერსის შტატში.
მედიის ცნობით, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ფრენკ ჯეიმსს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.