გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი უკრაინაში ჩავიდა. მან ვიზიტი კიევში, პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკისთან შეხვედრით დაიწყო, რის შემდეგაც, Twitter-ზე პოსტი გამოაქვეყნა.
“დღეს კიევში ჩემს მეგობარს, პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის შევხვდი უკრაინელი ხალხისადმი ჩვენი მტკიცე მხარდაჭერის ნიშნად. ჩვენ ფინანსური და სამხედრო დახმარების ახალ პაკეტზე ვმუშაობთ, რაც რუსეთის ბარბაროსული კამპანიის წინააღმდეგ, უკრაინისადმი ჩვენი ქვეყნის ერთგულებაზე მოწმობს”, – წერს ჯონსონი.
მოგვიანებით მან განაცხადა, რომ ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებს და უკრაინას დამატებით დახმარებას აღოუჩენს.
“არ შემოვიფარგლებით ოლიგარქების წინააღმდეგ აქტივების გაყინვით ან სანქციებით. ჩვენ ასევე ვიმოქმედებთ რუსეთის უნარზე, გამოიყენოს თავისი ენერგორესურსები. დიდი ბრიტანეთი უკრაინას ეკონომიკურ და სამხედრო დახმარებას გაუწევს”, – ამბობს ჯონსონი.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს 24 თებერვლის შემდეგ აწარმოებს.