უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისრის, ლუდმილა დენისოვას განცხადებით, რუსი სამხედროები კლავენ და აწამებენ პრესის წარომადგენლებს.
ომბუდსმენმა კონკრეტულ შემთხვევებზე ისაუბრა და მარიუპოლში დაღუპული ლიეტუველი რეჟისორის, მანტას კვედარავიჩიუსის სიკვდილის დეტალები გაასაჯაროვა.
“ის ტყვედ აიყვანეს ფაშისტებმა, რომლებმაც საბოლოოდ, დახვრიტეს. ოკუპანტებმა რეჟისორის სხეული ქუჩაში დააგდეს. მისმა ცოლმა, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ცხედარი ბლოკირებული ქალაქიდან გამოიყვანა და ლიეტუვაში გადაასვენა. აქამდე, რეჟისორის სიკვდილის ნამდვილი მიზეზი მისი ცოლის უსაფრთხოების გამო არ გასაჯაროვებულა”, – ციტირებს დენისოვას სიტყვებს გამოცემა UNIAN.
ამასთან, ომბუდსმენმა კიდევ ერთი ფაქტი მოიყვანა, თუ როგორ შეეწირა უკრაინელი ჟურნალისტი და მწერალი, ევგენი ბალი ოკუპანტებს. მისი ცნობით, ის 18 მარტს რუსმა მებძოლებმა შეიპყრეს მარიუპოლთან ახლოს მდებარე დასახლება მელეკინოში, საკუთარ სახლში.
“მისი დატყვევების მიზეზი, თითქოსდა, უკრაინელი მებრძოლების გვერდით გადაღებული
“მაკომპრომეტირებელი” ფოტო გახდა. სამ დღეში, ის სასტიკად ნაცემი გაათავისუფლეს. ევგენი 2 აპრილს გარდაიცვალა წამების შედეგად მიღებული დაზიანებებით”, – ამბობს დენისოვა.
უკრაინის ომბუდსმენი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა დარღვევის შემსწავლელ კომისიას რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული სამხედრო დანაშაულების და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების შესწავლის თხოვნით მიმართავს.