ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ევროპულ სახელმწიფოში გადაყვანისკენ მოუწოდა შესაბამისი მკურნალობის მისაღებად.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეს ნაბიჯი სერიოზულ წვლილს შეიტანს პოლიტიკური დეპოლარიზაციის პროცესში.
“საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ევროპულ სახელმწიფოში სასწრაფო მკურნალობის მისაღებად გადაყვანის მოწოდებით მივმართავთ. ის საპატიმროში იმყოფება და აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები. ეს ნაბიჯი ხელისუფლებისგან, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს პოლიტიკური დეპოლარიზაციის პროცესში”, – ნათქვამია განცხადებაში.
ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიმართვას პატიმრობაში მყოფი სააკაშვილი გამოეხმაურა და ლიეტუვის მხარეს მადლობა გადაუხადა.
“მინდა, მალდობა ვუთხრა ლიეტუვის სეიმს იმ განცხადებისთვის, რომელიც ევროპულ ქვეყანაში ჩემს დაუყოვნებლივ სამკურნალოდ გადაყვანას მოითხოვს. ასევე, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა პოლონელებს იმისთვის, რომ ყველაზე მაღალ დონეზე არაერთხელ დააყენეს საკითხი“, – განაცხადა სააკაშვილმა საქალაქო სასამართლოში, სადაც საზვრის უკანონო გადაკვეთის საქმეზე სხდომა გაიმართა.