ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქართული მედიის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა – ევროპარლამენტის ანგარიში

ევროპარლამენტმა ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც შეფასებულია, როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს. დოკუმენტში ერთ-ერთი თავი მედიაგარემოს ეთმობა და ქართული მედიის მდგომარეობა კრიტიკულ ჭრილშია შეფასებული.

“ქართული მედიის მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის გაუარესებული. მიუხედავად იმისა, რომ მედია გარემო პლურალისტულია, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის პარალელურად, გზრდილია მედია პოლარიზაციის ხარისხი. მედიასაშუალებების მუშაობაში პოლიტიკური ჩარევის გამო, ამასთან, მედიის წარმომადგენლებზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმების შედეგად, ჟურნალისტებს უფრო რთულ გარემოში უწევთ პროფესიული მოვალეობის შესრულება. ამასთან, სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას არსებული სამაუწყებლო არხების, როგორც საზოგადოებისთვის დახმარების გაწევის წყაროს ეფექტურობა”, – წერია ანგარიშში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საზოგადოების ნაწილში მედიის მიმართ მტრულ დამოკიდებულებას მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მიერ მედიასაშუალებების გამუდმებული კრიტიკა უქმნის ნიადაგს.

“მმართველი პარტია სულ უფრო აძლიერებს მედიასაშუალებების კრიტიკას. “ქართული ოცნების” წარმომადგენლები და ასევე, სახელმწიფო უწყებები ოპოზიციური მედიასაშუალებების დისკრედიტაციას ცდილობენ დეზინფორმაციის წყაროდ მათი წარმოჩენით. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, თბილისის მერმა და კოალიცია “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ კამპანია წამოიწყო, რომელიც “დესტრუქციული ოპოზიციისა” და “მათ მიერ მართული ტელევიზიების” მიერ გავრცელებულ “ყალბ ინფორმაციასთან” ბრძოლას ისახავდა მიზნად. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მმართველი ძალის მიერ ჟურნალისტების მისამართით განხორციელებული სიტყვიერი თავდასხმები ქართულ მედიას მტრულ გარემოს უქმნის და აქეზებს მათ მიმართ ძალადობას”, – ნათქვამია ანგარიში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მხოლოდ 2021 წელს ჟურნალისტებმა მათ მიერ განხორციელებული 90-ზე მეტი ძალადობრივი თავდასხმის შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია. მათ შორის, ტექსტში მოყვანილია 2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენები, როდესაც ძალადობრივმა ჰომოფობიურმა ჯგუფებმა მედიის წარმომადგენელზე მიიტანეს შეტევა.

“ძალადობამ ტრამატული შედეგები მოიტანა “თბილისი პრაიდის” დროს, როდესაც რადიკალურმა ჰომოფობიურმა დაჯგუფებემა მედიის 53 წარმომადგენელზე განახორციელეს შეტევა. TVპირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა მას შემდეგ დაიღუპა, რაც ის სცემეს. ქართულ სამოქალაქო-საზოგადოებრივი ორგანიზაციებზე დაყრდნობით, ფართომასშტაბიანი ძალადობის პროვოცირებას ხელი შეუწყო ხელისუფლებამ, რომელმაც სამოქალაქო საზოგადოების არაერთი მოწოდების მიუხედავად, არ მიმართა უსაფრთხოების შესაბამის ზომებს”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

 

იტვირთბა....