ახალი ამბები მთავარი სამართალი

Pfizer-ის ვაქცინით აცრის ყალბი ბარათის დამზადების ფაქტზე ორი პირი, მათ შორის, ექთანი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე თბილიში ექთანი და მისი თანამზრახველი პირი დააკავეს.
გამოძიების ცნობით, ბრალდებულებმა მოქალაქეს 150 ლარი გამოართვეს, რის სანაცვლოდაც აცრის შესაბამისი პროცედურის განხორციელების გარეშე, დაამზადეს ყალბი ბარათი, რომელშიც მითითებული იყო, რომ მოქალაქე აცრილ იქნა Pfizer-ის ვაქცინით.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ქ. თბილისში მდებარე ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების ექთანმა, რომელიც თავისი უფლებამოსილებებიდან გამომდინარე, ახდენდა მოქალაქეთა კოვიდ-ვაქცინაციას, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირთან ერთად, მოქალაქეს გამოართვა 150 ლარი, რის სანაცვლოდაც, აცრის შესაბამისი პროცედურის განხორციელების გარეშე, დაამზადა „COVID-19“ აცრის ყალბი ბარათი, თითქოსდა მოქალაქე აცრილ იქნა „Pfizer“-ის ვაქცინით. ამავდროულად, ბრალდებულებმა, აღნიშნული ყალბი ბარათის საფუძველზე, მოქალაქე დაარეგისტრირეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ბაზაში, როგორც ვაქცინირებული პირი”, – ნათქვამია განცხადებაში.
ჯგუფურად, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 და 362-ე მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.
იტვირთბა....