ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბათუმში, რუსთავსა და გარდაბანში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
ცესკოს პრეს-სპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, 17:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე მოქალაქეთა 25,08 პროცენტი იყო გამოცხადებული. მან ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა.
“17:00 საათის მდგომარეობით საარჩევნო უბნებზე 40 287 ამომრჩეველი (25,08%) მივიდა. ბათუმში საარჩევნო უბნებზე მივიდა 8 395 ამომრჩეველი (40.7%); ხოლო რუსთავსა და გარდაბანში – 31 892 (22.8%) უბნების დახურვამდე დარჩენილია სულ რაღაც ორი საათი; ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამომრჩევლებს იაქტიურონ”, – აცხადებს ცესკოს წარმომადგენელი.
ხმის დათვლის პროცედურები 20:00 საათზე, კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ უნდა დაწყებულიყო.
ბათუმში საკრებულოს ახალი წევრის არჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა.
რუსთავში პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ, რადგან პარლამენტის წევრი “ართული ოცნებიდან” ნინო ლაცაბიძე რუსთავის მერი გახდა.
პარლამენტის მაჟორიტარს ირჩევენ გარდაბანშიც.