ომის შედეგად საქართველოში ჩამოსულ უკრაინელ ბავშვებს და მათ მშობლებს დღეს საკანონმდებლო ორგანოში უმასპინძლეს. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ პარლამენტში გამართულ მიღებასთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ხალხი და ხელისუფლება უკრაინელების მიმართ სიყვარულში ერთიანია.
“ჩვენ დღეს შევიკრიბეთ საქართველოს სახელმწიფოს მთავარ პოლიტიკურ შენობაში, რომელიც მთავარ გამზირზე მდებარეობს. სიამაყით მინდა გითხრათ, რომ ამ გამზირზე მდებარე სახელმწიფო შენობებზე, კერძო სახლებზე, თეატრებზე და სხვადასხვა დაწესებულებაზე დღეს 33 უკრაინული დროშა დავთვალე. ეს ნიშნავს, რომ ქართული სახელმწიფო, მისი ხელისუფლება და ხალხი ერთიანია უკრაინელი ხალხის მიმართ სიყვარულსა და დამოკიდებულებაში”, – მოჰყავს ოდიშარიას სიტყვები Tabula-ს.