იტალია მზადყოფნას გამოთქვამს, გახდეს უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გარანტორი. ამის შესახებ გამოცემა Интерфакс-Украина ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლუიჯი დი მაიოს განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
“ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი მოლაპარაკებების პროცესის გაგრძელებაა. მოხდება ამ მოლაპარაკებების შედეგების ანალიზი. იტალია მზად არის, უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გარანტორი გახდეს”, – ციტირებს გამოცემა მაიოს სიტყვებს.
მას შემდეგ, რაც თურქეთში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების რაუნდი გაიმართა, უკრაინულმა მხარემ გააკეთა განცხადება, რომ ქვეყანა მზად არის, მყარი უსაფრთხოების გარანტიების შემთხვევაში, გამოაცხადოს უბლოკო, ნეიტრალური და არაბირთვული სახელმწიფოს სტატუსი.
ამის შემდეგ, სხვადასხვა წყაროს ცნობით, თურქეთმა, გერმანიამ და დიდმა ბრიტანეთმა გამოთქვა მზადყოფნა, გამხდარიყო უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი, თუმცა, უცნობია, რა პირობებით.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს 24 თებერვლის შემდეგ აწარმოებს.