კიევის რაიონში ცნობილი უკრაინელი ფოტოგრაფი და დოკუმენტალისტი, მაქს ლევინი დაიღუპა, რომელიც ისეთ გამოცემებთან თანამშრომლობდა, როგორებიცაა Reuters, BBC, Associated Press, The Wall Street Journal, “რადიო თავისუფლება” და სხვები.
ადგილობრივი მედიის ცნობით, 40 წლის ლევინი 13 მარტს სოფელ გუტა მეჟიგოვსკიში გაემგზავრა, რომ რუსი ოკუპანტების შეჭრის შედეგად იქ არსებული მდგომარეობა აღებეჭდა ფირზე. მალევე, ამ მიდამოებში საბრძოლო მოქმედებები განახლდა და მას შემდეგ, ფოტოგრაფი კავშირზე აღარ გამოდიოდა.
მის ცხედარს 1 აპრილს მიაგნეს.
უკრაინაში ომის გაშუქებას მედიის არაერთი წარმომადგენელი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არიან “ნიუ იოკრ თაიმსის” ყოფილი ავტორი, ამერიკელი ჟურნალისტი ბრენტ რენო, რომელიც ირპენში დაიღუპა; ტელეოპერატორი ევგენი საკუნი, რომელიც კიევში სარაკეტო თავდასხმას ემსხვერპლა; The Insider-ის რეპორტიორი ოქსანა ბაულინა, რომელიც კიევში დაბომბვას შეეწირა და ჟურნალისტი ლვოვიდან, ვიქტორ დუდარი, რომელიც ომის დაწყების შემდეგ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანდა და ნიკოლაევთან მიმდინარე ბრძოლის დროს დაიღუპა.