ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსული ჯარების ნაწილობრივი გადაადგილების მიუხედავად, კიევს კვლავ ემუქრება საფრთხე. ამის შესახებ “ამერიკის ხმა” პენტაგონის მაღალი თანამდებობის პირზე დაყრდნობით წერს.
“კიევი კვლავ საფრთხის ქვეშ რჩება და ავიაშეტევები გრძელდება. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ჩვენი დაკვირვებით, რაიმე განსაკუთრებული ცვლილება არ ყოფილა. ყოველ შემთხვევაში, ამ მომენტისთვის მასობრივი მოძრაობა არ შეიმჩნევა”, – აცხადებენ პენტაგონში.
კიევთან დაკავშირებულ საფთხეზე ავრცელებს ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახურიც. მათი ინფორმაციით, კიევსა და ჩერნიგოვში აქტივობის შემცირებასთან დაკავშირებით რუსეთის განცხადების მიუხედავად, ეს რაიონები კვლავინდებურად საავიაციო და სარაკეტო დარტყმების ქვეშ რჩება.
ბრიტანეთის დაზვერვა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის მიღწევებზეც.
“უკრაინამ წარმატებული, თუმცა, ლიმიტირებული კონტრშეტევები განახორციელა კიევის აღმოსავლეთითა და ჩრდილო-აღმოსავლეთით. მებრძოლებმა სოფლები სლობოდა და ლიკაშოვკა დაიბრუნეს, რომლებიც რუსეთისთვის კიევისკენ გზის გახსნის ერთ-ერთი ძირითადი საშუალება იყო”, – წერს ბრიტანეთის დაზვერვა.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს.