NATO-სა და საქართველოს ერთობლივ წვრთნებთან დაკავშირებით, ოკუპირებული აფხაზეთის შეიარაღებული ძალები განსაკუთრებულ საბრძოლო მზადყოდნაზე არიან გადასული. ბელარუსიის მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გაერთიანების Nexta ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამის შესახებ სეპარატისტული რეჟიმის ეგრეთ წოდებულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვლადიმირ ანუამ განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი “ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის” შენარჩუნებას ემსახურება.
“ნატო-საქართველოს სწავლება 2022”-მა ნათლად დაგვანახა, რომ თბილისს უარი არ უთქვამს საომარ რიტორიკაზე და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების კურსზე. რეგიონში არსებული რთული სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, “აფხაზეთის რესპუბლიკის” შეიარაღებული ძალები განსაკუთრებულ საბრძოლო მზადყოფნაზე არიან გადასული”, – ციტირებს Nexta ანუას სიტყვებს.
ცნობისთვის, “ნატო-საქართველოს სწავლება 2022” ქვეყანაში 20-25 მარტს ჩატარდა.
ამასთან, დე-ფაქტო მინისტრმა რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში სამხედრო დახმარების აღმოჩენის პირობაც მისცა.
“თავდაცვის სამინისტრო სამოკავშირეო ვალდებულებებისა და აფხაზეთის “პრეზიდენტის” გადაწყვეტილების მიხედვით, სამხედრო დახმარებას აღმოუჩენს რუსეთს იმ მიზნების მისაღწევად, რაც ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა შეიარაღებულ ძალებს დაუწესა”, – ნათქვამია განცხადებაში.
დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში ჯარისკაცები გაგზავნა საქართველოს კიდევ ერთი ოკუპირებული ტერიტორიის, ცხინვალის რეგიონში შექმნილი ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა.