ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მათთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ევროპაში სტაბილურობა იყოს. CNN-ის ცნობით, ამის შესახებ ბაიდენმა პოლონეთის პრეზიდენტ ანჟეი დუდასთან შეხვედრის დროს განაცხადა.
“ორი მსოფლიო ომის სამწუხარო გამოცდილებიდან ვისწავლეთ, რომ პროცესების მიღმა დარჩენა და ევროპის სტაბილურობის პროცესში არჩარევა ამერიკის შეერთებულ შტატებს ყოველთვის ცუდად მოუბრუნდა. ამას ვამბობდი მაშინაც, როცა სენატორი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, ვიცე- პრეზიდენტი ვიყავი და იგივეს ვამბობს ახლა, როგორც პრეზიდენტი – სტაბილურობა ევროპაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის”, – განაცხადა ბაიდენმა.
შეგახსენებთ, ჯო ბაიდენი პოლონეთის პრეზიდენტამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებასა და ქვეყნის თავდაცვის მინისტრს, ალექსეი რეზნიკოვს შეხვდა. აშშ-ს პირველი პირი პოლონეთს 25 მარტს ეწვია.