უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს თხოვნით მიმართა, ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაჯგუფების წევრებს ბრძოლის ვერლზე დაუპირისპირდნენ და არა რელიგიური ხასიათის შეურაცხმყოფელი მიმართვებით.
არესტოვიჩის თქმით, ისინი ამით მთელ მუსლიმურ სამყაროს აყენებენ შეურაცხყოფას. ის უკრაინელ ჯარისკაცებს ახსენებს, რომ ისლამური სამყაროდან მათ მხარდამხარ არაერთი ჯარისკაცი იბრძვის რუსების წინააღმდეგ.
“ყურადღება მინდა გავამახვილო მუქარებზე, რომ “კადიროველებს” ღორის ტყავში გამოაკერებენ; იმაზე, თუ როგორ უყვირიან მათ დამცინავად “ალაჰ აკბარ-ს”; ვაზნების ქონში ამოვლებაზე და ასე შემდეგ. თქვენ ამით მთელ მუსლიმურ სამყაროს შეურაცხყოფთ. პირველ რიგში, ძალიან ბევრ სახელმწიფოს, რომლებიც ჩვენ გვეხმარეობიან. მეორე მხრივ კი, თქვენივე თანამებრძოლების ნაწილს ანაწყენებთ – უკრაინელ მუსლიმებს და მუსლიმებს მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც თქვენს მხარდამხარ იბრძვიან რუსების წინააღმდეგ, მათ შორის, ჩეჩნებს. ამიტომ, მოდით, განვასხვავოთ ჩეჩნები “კადიროველებისგან” და შეურაცხყოფას ნუ მივაყენებთ მუსლიმებს”, – ამბობს დღეს გავრცელებულ ვიდეოში არესტოვიჩი.