საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს მიმართა სამძიმარის წერილით, რომელიც ქაშვეთის ტაძარში, დავით რატიანისა და გია ბერიაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე საპატრიარქო ტახტის მემკვიდრემ, მეუფე შიო მუჯირმა გააცნო საზოგადოებას.
“სამწუხაროდ, გლოვა გვიწევს ჩვენი მოხალისე ჯარისკაცების გამო. ამჟამად ვეთხოვებით უკრაინის ომში გარდაცვლილთ. ისინი მოყვასის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდნენ და თავიც შესწირეს. სხვისთვის სიცოცხლის გაღება უდიდესი მსხვერპლია. აღვავლენთ ლოცვებს გიორგი ბერიაშვილის, დავით რატიანისა და ბახვა ჩიქობავასთვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სულნი, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოანიჭოს მშვიდობა, ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული ცხოვრებისა, რომლისთვისაც თითოეული ჩვენგანი უნდა მოემზადოს”, – ნათქვამია წერილში.
რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლები, გია ბერიაშვილი და დავით რატიანი საქართველოში 24 მარტს ჩამოასვენეს, ხოლო კიდევ ერთი ჯარისკაცის, ბახვა ჩიქობავას ჩამოსვენება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.