საქმე “სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ” სტრასბურგის სასამართლოში განხილვის არსებით ეტაპზე გადადის, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამ საქმეში საქართველოს ძალიან მყარი არგუმენტები აქვს.
„მოგეხსენებათ, იუსტიციის სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის თანახმად წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო სასამართლოებში. შესაბამისად, ბუნებრივია, ამ დავაშიც იუსტიციის სამინისტრო არის ჩართული.
რაც შეეხება საქმეს „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, ის გადადის განხილვის არსებით ეტაპზე, საქართველოს არგუმენტები არის ძალიან მყარი ამ საქმეში და ბუნებრივია, საბოლოო კომენტარების გაკეთება შეგვეძლება მას შემდეგ, რაც საქმეზე დასრულდება არსებითი განხილვა“, – აცხადებს ბრეგაძე.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა სტრასბურგს 2 წლის წინ მიმართა. საუბარია გირგვლიანისა და გელაშვილის საქმეებზე და მესამე პრეზიდენტი სამ მუხლს დაობს:
- მე-6 მუხლი – საქმის სამართლიანი განხილვის უფლება;
- მე-7 მუხლი – არავითარი სასჯელი კანონის გარეშე;
- მე-18 მუხლი – უფლებათა შეზღუდვის გამოყენების ფარგლები.