უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის შედეგად კიდევ ერთი ჟურნალისტი დაიღუპა. The Insider-ის რეპორტიორი ოქსანა ბაულინა კიევში, დაბომბვას ემსხვერპლა. ინფორმაცის თავად გამოცემა ავრცელებს.
მათი ცნობით, ბაულინა იმ დროს დაიღუპა, როდესაც პოდოლსკის რაიონში რუსული ჯარების მიერ განხორცილებული დაბომბვის შედეგად დანგრეულ შენობებს იღებდა.
“ინსაიდერის ჟურნალისტი, ოქსანა ბაულინა კიევში დაბომბვას ემსხვერპლა, როდესაც რედაქციის დავალებას ასრულებდა. სიკვდილამდე, მან ლვოვიდან და კიევიდან რამდენიმე რეპორტაჟის მომზადება მოასწრო. ჩვენი გამოცემა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს ოქსანას ახლობლებს”, – წერია ინფორმაციაში.
შემთხვევის შედეგად ასევე დაიღუპა ერთი მოქალაქე, ჟურნალისტის თანმხლები ორი პირი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
არსებული ინფორმაციით, მანამდე, რუსი ჟურნალისტი ანტიკორუფციულ ფონდში საქმიანობდა, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ ექსტრემისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა.
“ამის შემდეგ მოუხდა მას რუსეთის დატოვება და The Insider-სთვის დაიწყო წერა ქვეყნის შიგნით არსებულ კორუფციაზე”, – წერს მედია.
უკრაინაში ომის გაშუქებას მანამდე მედიის კიდევ რამდენიმე წარმომადგენელი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არიან “ნიუ იოკრ თაიმსის” ყოფილი ავტორი, ამერიკელი ჟურნალისტი ბრენტ რენო, რომელიც ირპენში დაიღუპა; ტელეოპერატორი ევგენი საკუნი, რომელიც კიევში სარაკეტო თავდასხმას ემსხვერპლა და ჟურნალისტი ლვოვიდან, ვიქტორ დუდარი, რომელიც ომის დაწყების შემდეგ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანდა და ნიკოლაევთან მიმდინარე ბრძოლის დროს დაიღუპა.