თბილისის მერმა, კახა კალაძემ დიდთოვლობის გამო დედაქალაქში შექმნილ პრობლემებზე ისაუბრა. მისი თქმით, შესაბამისი სამსახურები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, თუმცა, გარკევული პრობლემების გამო, ყველა ქუჩამდე მისვლა ჯერ ვერ მოხერხდა.
კალაძე თბილისის მაცხოვრებლებს მიმართავს, საკუთარი სახლების წინ თავად გაწმინდონ თოვლი და ასე დაეხმარონ მერიის სამსახურებს.
“უკვე მეექვსე დღეა, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა, ქუჩების გაწმენდა, ტექნიკური მარილის დაყრა. ვხედავთ, რომ დღესაც თოვს თბილისში. გარკვეული პრობლემები შეიქმნა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების თვალსაზრისით. შეფერხებები იყო, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ცენტრალური გზები ყველგან გაწმენდილიყო. დარჩენილია მეორადი ქუჩები, ჩიხები, შესახვევები. აქაც მიმდინარეობს სამუშაოები, თუმცა, პრობლემას გვიქმნის ქუჩაში დაყენებული ავტომობილები, ტექნიკა უბრალოდ ვერ შედის და ვერ ახორციელებს სამუშაოებს. მე მესმის იმ ადამიანების, ვის ქუჩებამდეც ჯერ ვერ მივედით. მეგობრებო, დაახლოებით 750-მდე ქუჩა, შესახვევი და ჩიხი არის… სამუშაოების შეფერხებას ასევე იწვევს გადაუღებელი თოვა. მიუხედავად ამისა, ჩვენ არ ვჩერდებით და ყველაფერს ვაკეთებთ. თუ იქნება მხარდაჭერა მადლობელი ვიქნებით. საკუთარი სახლის წინ რომ გაწმინდოს ადამიანმა, მგონი პრობლემას არ წარმოადგენს“, – მიმართა კალაძემ მოსახლეობას.