ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი ჯანდაცვა

“ყველა პანდემიას აქვს დასასრული და მგონი კოვიდ პანდემიაც, როგორც იქნა სრულდება!” – დავით გადელია

“მგონი მთავრდება! ყველა პანდემიას აქვს დასასრული და მგონი კოვიდ პანდემიაც, როგორც იქნა სრულდება!”, – ამის შესახებ ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში წერს.

ექიმი პანდემიის ორ წელს ვრცელი პოსტით აფასებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“სავარაუდოდ, ვირუსი არ გაქრება და პერიოდულად შეგვახსენებს თავს. როდესაც თქვენ გიზიარებთ აკადემიური ხასიათის მოსაზრებებს, ამას არასდროს ვაკეთებ ჩემი აზრის, ან მხოლოდ ჩემი ცოდნიდან გამომდინარე. ამ ორი წლის განმავლობაში ვახმოვანებდი ჩვენი კლინიკის, საუკეთესო ინფექციონისტთა გუნდის ნააზრევს, მათ გამოცდილებას. პირველ რიგში მინდა ყველაზე გამოცდილ, უჭკვიანეს პროფესორ ქალბატონ მანანა მახვილაძე ვთქვა: ზუსტად ისე წავიდა ყველა პროცესი, იმ ვადებში, როგორც ძალიან მშვიდად და სრულიად დარწმუნებულმა გვითხრა 2020 წლის იანვარში. უღრმესი მადლობა მას! მართლაც, სანამ მოსახლეობის უმრავლესობას არ დაგვიარა დაავადებით, ან აცრით მიღებული იმუნიტეტით- არ მოგვეშვა. კარგია, რომ ჯერჯერობით ბოლო და ყველაზე გავრცელებადი შტამი- ყველაზე ნაკლებად მომაკვდინებელი აღმოჩნდა. ასე, ფაქტიურად ბუნებრივი მეთოდით აგვცრა რეალობამ ჯიუტი ხალხიც!

ჯერჯერობით რაც არ ვიცით ისაა, რომ რა სახით დარჩება ის. ან, საერთოდ დარჩება ბუნებაში? თუ პერიოდულად, მუტანტი გრიპივით გადაგვივლის ტალღასავით?

ყველა პანდემია დასრულებულა. ამ პანდემიაზე ბევრად უფრო მძიმეებიც- შავი ჭირის, ე.წ. “ესპანური გრიპის”… თანაც მაშინ, როდესაც კაცობრიობას მასთან ბრძოლის არანაირი ცოდნა არ ჰქონდა, ხოლო ზოგჯერ- დაავადების მიზეზიც კი არ იცოდა! აქ მთავარია როგორ დაიცვა კაცობრიობამ თავი, რა ზღუდეები შექმნა. კოვიდ-19 თან ბრძოლა არ იყო ერთნაირი მთელს მსოფლიოში და ერთი და იგივე ქვეყანაშიც კი განსხვავდებოდა სხვადასხვა დროს. ალბათ ყველას გახსოვთ ის ორგანიზაციული შოკი, რაც 2020-წელს ევროპის რამოდენიმე ქვეყანაში მოხდა. რამაც გამოიწვია ავადმყოფთა სტაციონარული მკურნალობის შეუძლებლობა, სიკვდილობის მაღალი მაჩვენებელი. ჩვენ ცოტა გაგვიმართლა და უფრო მეტად კი კარგი ორგანიზებულობა გამოვიჩინეთ, განსაკუთრებით პირველი ტალღების დროს, როცა დაავადება სრულიად უცნობი იყო, მკურნალობის გამოცდილება არ არსებობდა და ხშირად ემპირიულ მედიკამენტებსაც იყენებდა მთელი სამყარო. უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი ქვეყანა მუდამ შემართული იყო ამ ბრძოლისას და კაცობრიობის ყველა მიღწევას- კვლევა იქნებოდა ის, მკურნალობა თუ ვაქცინაცია- ძალიან მოკლე ვადაში იზიარებდა, თანაც მხოლოდ საუკეთესო სამედიცინო ცენტრების, ფარმკომპანიების პროდუქციას ვიღებდით. ამიტომაც, სიკდილობის მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გვაქვს (ეს მაჩვენებელი დაავადებულთა საერთო რაოდენობაზეა დამოკიდებული). ავადობა კი ბოლო პერიოდში ძალიან მაღალი იყო- პირველი ზაფხულის შემდეგ მოგვბეზრდა ქართველებს შეზღუდვები. გარდაცვლილთა რაოდენობამაც იმატა, თუმცა არა სიკვდილობის მაჩვენებელმა. ეს კიდევ მიგვითითებს იმ აქსიომაზე, რომ პანდემიის დროს უმნიშვნელოვანესია საზოგადოების ერთობა, საზოგადოებრივი სამსახურების მუშაობა და მხოლოდ ექიმები პანდემიას ვერ შეაჩერებენ.

ექიმებს ძირითადად დაავადებულებთან აქვთ საქმე! ამ მხრივ, მეტნაკლები წარმატებით იმუშავეს კლინიკებმა. დიდი სამუშაო ჩაატარეს ოჯახის ექიმებმა! განსაკუთრებით ბოლო, ძალიან დიდი ტალღის დროს. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ყველა ჩემს კოლეგას, ვინც ამ ბრძოლაში იყო ჩართული! რასაკვირველია, ჩემი კლინიკის ექიმებს ყველაზე მეტად ვუმადლი და ქედს ვიხრი მათ წინაშე: ლია გოლიაძე, თათა ქაჩიბაია, მალვინა ჯავახაძე, მაია გიგაური და ახალგაზრდა ექიმთა მთელი პლეადა, ვინც უყოყმანოდ ჩაერთო ამ ბრძოლაში და მცირე დროში უზარმაზარი გამოცდილებაც მიიღეს! მადლობა მინდა ვუთხრა ყველაზე “დაჩაგრულ” ადამიანებს, ვის შრომასაც კაციშვილი არ ხედავს და ჩვენგან განსხვავებით- არც აფასებენ, სამინისტროს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის თანამშრომლებს- როგორც ხელმძღვანელებს, ასევე რიგით მუშაკებს, ვისთვისაც მძიმე დღეებში არც დღე იყო, არც ღამე და არც შაბათ-კვირა.. ლანძღვა უბირი, გაუნათლებელი ხალხისგან არც ჩვენ გვაკლია, მაგრამ სახელმწიფო მოხელის – რატომღაც ნორმად ითვლება და დაუსჯელადაც შეგრჩება!

განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა მედიის წარმომადგენლებს! საოცარი თავდადება გამოიჩინეს ამ პერიოდში! სხვათაშორის, ჟურნალისტებმა გვანახეს, თუ რა კარგად შეუძლიათ მუშაობა, როცა არ არიან მოტივირებული პოლიტიკურად და საერთო მტერს ებრძვიან! (ძალიან იშვიათი იყო კონიუნქტურული გადახრები).

მაინც ბევრი ადამიანი დავკარგეთ ამ ბრძოლაში – მე რამდენიმე ძვირფასი მეგობარი! ეს ბრძოლა ბევრისთვის აღმოჩნდა საბედისწირო და გაანათლონ უფალმა! ახლა, არანაკლები გამოწვევის წინაშე ვდგავართ- შეიძლება მეტისაც! აქაც ჭკუა, ერთობა და სიფრთხილე გვმართებს. უფალო მოგვეცი ყველაფერი ეს, რომ ეს ომიც გადავიაროთ!”, – წერს დავით გადელია სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....