მოსკოვის ლეფორტოვოს სასამართლომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი დამნაშავედ ცნო განსაკუთრებით დიდი მასშტაბის თაღლითობის საქმეზე და ასევე, სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამოვლენისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
“ნავალნიმ ჩაიდინა თაღლითობა, უფრო ზუსტად, მოტყუების გზით მიითვისა სხვისი საკუთრება”, – ციტირებს გამოცემა ТАСС მოსამართლის, მარგარიტ კოტოვოის სიტყვებს.
რუსეთის პროკურატურა ნავალნისთვის 13-წლიანი პატიმრობის შეფარდებას და ასევე, ჯარიმის სახით 1,2 მილიონი რუბლის დაკისრებას ითხოვს. განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი, რომლის ფარგლებშიც სასჯელის ვადა დასახელდება, ჯერ არ გამოცხადებულა.
“ჩემთვის სულ ერთია, თუ გინდათ ჩემი 113 წლით დაპატიმრება მოითხოვეთ, ვერაფრით ვერ შემაშინებთ”, – BBC-ს ცნობით, აცხადებდა ნავალნი ჯერ კიდევ 15 მარტს, სასამართლო პროცესზე.
საქმე ეხება 2020 წლის დეკემბერში, ნავალნისა და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ აღძრულ საქმეს, რომლის მიხედვითაც, გამოძიების მტკიცებით, ოპოზიციონერმა პოლიტიკუსებმა საკუთარი ფონდიდან შემოწირულობის სახით მიღებული 356 მილიონი რუბლი გაფლანგეს.
მეორე საქმე კი, რომელიც დღეისთვის თაღლითობის საქმესთან არის გაერთიანებული, შეეხება ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე ნავალნის მიერ მოსამართლის მიკერძოებულებაში დადანაშაულებას.
ალექსეი ნავალნი 2021 წლიდან ვლადიმირის ოლქის პოკროვის შრომა-გასწორებით კოლონიაში იმყოფება, სადაც ე.წ. „ივ როშეს“ საქმესთან დაკავშირებით იხდის სასჯელს.