ზაკარპატიის ოლქში უკრაინის სამხედრო კონტრდაზვერვის ოფიცრებმა რუსული დივერსიული სადაზვერვო ჯგუფის წევრები დააკავეს, რომლებსაც კიევის სამთავრობო კვარტალში შეღწევა და პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის მკვლელობა ჰქონდათ განზრახული. გამოცემა UNIAN-ის ცნობით, ამის შესახებ ჟურნალისტი ვიტალი გლაგოლი Telegram-ზე იუწყება.
მისი ინფორმაციით, დაჯგუფება, რომელსაც რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის აგენტი ედგა სათავეში, ზელენსკის ლიკვიდირებასთან ერთად, კიევსა და უკრაინის სხვა რეგიონებში დივერსიული მოქმედებების განხორციელებას გეგმავდა.
“დაკავებულია რუსეთის აგენტი, რომელმაც ზემოთხსენებული ამოცანის სისრულეში მოსაყვანად ჩამოაყალიბა დაახლოებით 25-კაციანი დაჯგუფება, ორგანიზებას უწევდა მათ აღჭურვას ავტომობილებითა და იარაღით და გეგმავდა ТРО-ს ქვედანაყოფის საფარქვეში მათ კიევის სამთავრობო კვარტალში გადაყვანას დანაშაულებრივი ქმედებების განსახორციელებლად”, – წერს ვიტალი გლაგოლი.
მისივე ინფორმაციით, დივერსიული სადაზვერვო ჯგუფის ორგანიზატორი და რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის აგენტი სახელმწიფო ღალატის ბრალდებით იმ დროს დააკავეს, როდესაც სხვადასხვა სახის იარაღს ყიდულობდა.
უკრაინული მხარის ცნობით, ვოლოდიმერ ზელენსკის მკვლელობა რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, სულ მცირე 10-ჯერ სცადეს.