“მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს აქვთ მაღალი თმენის ვალდებულება ნებისმიერი საზოგადოებრივი პროტესტის მშვიდობიანი ფორმის მიმართ”- ნათქვამია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა GDI, მედიის განვითარების ფონდი MDF, საქართველოს რეფორმების ასოციაცია GRASS, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი TDI, ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი EMC, იდენტობა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია GYLA, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება ISFED განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა თავი უნდა შეიკავონ ნებისმიერი ისეთი გამოხატვისაგან, რომელიც ქსენოფობიურ შინაარსს მოიცავს.
ისინი უმრავლესობის დეპუტატის, თამაზ მეჭიაურის საქციელს უსვამენ ხაზს, როდესაც მან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციაზე ერთ-ერთ მონაწილეს გაარტყა და მოგვიანებით განაცხადა, რომ მან არ იცოდა არტური თუ იყო ინციდენტის გმირი, თორემ უფრო მაგრად მიარტყამდა.
განცხადებას “მეტრონომი” უცვლელად გთავაზობთ:
“მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს აქვთ მაღალი თმენის ვალდებულება ნებისმიერი საზოგადოებრივი პროტესტის მშვიდობიანი ფორმის მიმართ, ხოლო მათი საჯარო შეფასებები საზოგადოებრივი ინტერესის საგანია, რაც აკისრებთ პასუხისმგებლობას, თავი შეიკავონ ნებისმიერი ისეთი გამოხატვისაგან, რომელიც შეიცავს ქსენოფობიურ შინაარსს.
21 იანვარს, პარლამენტის ყოფილ შენობასთან გამართულ აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებულ კანონპროექტს აპროტესტებდნენ. მედიით გავრცელებული ინფორმაციით, შენობასთან მისულ თამაზ მეჭიაურს მონაწილეები სტვენითა და შეძახილებით შეხვდნენ. აქციის ერთ-ერთ მონაწილეს არტურ არუთინოვს აღნიშნულის გამო დეპუტატმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულ ფაქტი ნათლად ჩანს გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში.
არანაკლებ საგანგაშოა ინციდენტის შემდეგ ბატონი მეჭიაურის მიერ გაკეთებული კომენტარი, სადაც ეს უკანასკნელი ავლენს არმენოფობიურ დამოკიდებულებას და აცხადებს: “არ ვიცოდი ბატონი არტური თუ იყო, თორე… რომ მცოდნოდა, ვინ იყო, შეიძლება უფრო მაგრად…” აღსანიშნავია, რომ თამაზ მეჭიაური თავის გამოსვლებსა და განცხადებებში გამოირჩევა დისკრიმინაციული, მათ შორის, ჰომოფობიური და არმენოფობიური გამონათქვამებით, ასევე, მიუღებელია მისი დამოკიდებულება არასამათავრობო სექტორის მიმართ, როდესაც ის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს “ენჯეოელ სოროსელებად” მოიხსენიებს. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან სიძულვილის ენის გამომჟღავნება საზოგადოების კონკრეტული ჯგუფის მიმართ. აღნიშნულზე უთითებს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევებიც. მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენელთა მხრიდან ხშირია ანტიდასავლური, ჰომოფობიური და სიძულვილის ენის გამოხატველი განცხადებები. ამავდროულად, უკანასკნელ ხანებში სახელმწიფოს მხრიდან არაეფექტური რეაგირების ფონზე, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.
მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით და “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით მკაცრად უნდა გაიწეროს დისციპლინური პასუხისმგებლობის მექანიზმები პარლამენტის წევრების თუ საჯარო მოხელეების მხრიდან დისკრიმინაციულ განცხადებებზე.
ასევე, პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა შეიმუშაონ თვითრეგულირების მექანიზმები, რომლებითაც მოხდება შიდა რეაგირება მათი ცალკეული წევრების მხრიდან სიძულვილის ენის, ქსენოფობიის და სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციული რიტორიკის გამოვლინებებზე. ხელისუფლების წარმომადგენელთა ვალია, საკუთარი განცხადებებით საზოგადოებას სხვადასხვა ეთნიკური თუ კონფესიური ჯგუფის პატივისცემისკენ მოუწოდებდენენ. ამის საპირისპიროდ ხელისუფლების წარმომადგებლების მხრიდან სიძულვილით აღსავსე დამოკიდებულებების გამომჟღავნება ქმნის წამახალისებელ ეფექტს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისათვის და აბრკოლებს პლურალიზმზე დაფუძნებული საზოგადოების ჩამოყალიბების შესაძლებლობას”, – ნათქვამია განცხადებაში.