ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

ომის დაწყებიდან უკრაინაში 115 ბავშვი დაიღუპა – 140-ზე მეტი მძიმედ დაშავდა

ომის დაწყებიდან უკრაინაში 115 ბავშვი დაიღუპა, 140-ზე მეტი მძიმედ დაშავდა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისივე ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა 69-ზე მეტი სასწავლო დაწესებულება გაანადგურეს.

“რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში 115 ბავშვი დაიღუპა. 140-ზე მეტი დაშავდა. ყველაზე მეტი მსხვერპლი იყო კიევში – 58, ხარკოვში – 36, დონეცკში – 29, ჩერნიგოვში – 30, ნიკოლაევში – 22, ჟიტომირში – 15, სუმი – 14 და ხერსონი – 14“, – ნათქვამია შეტყობინებაში.

2022 წლის 19 მარტს რუსეთის ფედერაციის სამხედროების მიერ ლუგანსკის ოლქის რუბეჟნოეს დაბომბვის შედეგად საცხოვრებელი სახლი განადგურდა.

“მაშველებმა ნანგრევებიდან ორი ბავშვი ამოიყვანეს. „გაუკეთეს გულ-ფილტვის რეანიმაცია, გადარჩენას ცდილობდნენ, მაგრამ ამაოდ ბავშვები ვერ გადარჩნენ. ნანგრევებში კიდევ ერთი ბავშვი და დედა იპოვეს. სამწუხაროდ, ექიმებმა ქალის გარდაცვალება დაადასტურეს და ბავშვი კი გადაარჩინეს. მისი მდგომარეობა სტაბილური და დამაკმაყოფილებელია”, – ნათქვამია განცხადებაში.

იმავე დღეს ხარკოვში საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვის შედეგად დაიღუპა მამაკაცი და 9 წლის ბიჭი.

ასევე ცნობილია, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და საცხოვრებელი უბნების რეგულარული დაბომბვის შედეგად დაზიანდა 489 სასწავლო დაწესებულება, მათგან 69 მთლიანად განადგურდა.

როგორც მედია იუწყება, ეს მონაცემები არ არის დაზუსტებული, რადგან შეუძლებელია დაბომბვის ადგილების შემოწმება აქტიური საომარი მოქმედებების ზონებში და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

იტვირთბა....