ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ყოფილი მეთაურის, გენერალ ბენ ჰოჯესის განცხადებით, მალე რუსულ არმიას ძალები აღარ ეყოფა უკრაინაში შეტევების გასაგრძელებლად. როგორც ჰოჯესმა “დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში აღნიშნა, ეს 10-12 დღეშია მოსალოდნელი და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მათ არამარტო სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ დაკავებული პოზიციები დატოვონ, არამედ, მთლიანი უკრაინის ტერიტორია.
“ვვარაუდობ, რომ 10-12 დღეში რუსული ჯარები თავის მაქსიმუმს მიაღწევენ, ისინი შეტევის გაგრძელებას ვეღარ შეძლებენ და ეცდებიან იმის გაყინვას, რაც დაიპყრეს. სწორედ ეს მომენტი უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ გვექნება მოლაპარაკების უკეთესი პოზიცია და უნდა მოვითხოვოთ, რომ დაუბრუნდნენ არამხოლოდ 24 თებერვალმდე არსებულ პოზიციებს, არამედ, რუსებმა უნდა დატოვონ ყირიმი და დონბასი”, – აცხადებს ჰოჯესი.
მისივე თქმით, არ სჯერა, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.
“ჯერ ერთი, პუტინი ამას თავად ვერ გააკეთებს. არ მჯერა, რომ მის გარშემო მყოფი ხალხი ნამდვილად დაინტერესებულია ბირთვული საფრთხით“, – ამბობს გენერალი.