ტელეკომპანია “ფორმულას გადამღებ ჯგუფზე თავდამსხმელი დაკავებულია. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, კოკა კაციტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ბრალდებულს შესაძლოა საქმეზე კვალიფიკაცია უფრო დამძიმდეს.
“სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით. საქმეზე ჩატარდა გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. გამოიკითხნენ ჟურნალისტი და ოპერატორები, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და ვიდეოჩანაწერები, დაინიშნა ექსპერტიზები. მტკიცებულებების საფუძველზე, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე მხილებული მოქალაქე”, – განაცხადა კოკა კაციტაძემ.
მისი ინფორმაციით, ბრალდებულს შესაძლოა, საქმეზე კვალიფიკაცია უფრო დამძიმდეს.
შეგახსენებთ, 17 მარტს, თბილისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე ერთ-ერთ კაფეში ინტერვიუს ჩაწერისას, “ფორმულას” გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. ტელეკომპანიის რეპორტიორის, ნანო ჩაკვეტაძის მონაყოლის მიხედვით, იქ მყოფმა ერთ-ერთმა სტუმარმა მათ მიმართ აგრესია მას შემდეგ გამოხატა, რაც გაიგო, რომ გადამღები ჯგუფი “ფორმულადან იყო”. ნაცემია ფორმულას 2 ოპერატორი, ფიზიკური დაზიანებები აქვს ჟურნალისტ ნანო ჩაკვეტაძესაც.