,,ჩემი ცოლის ეროტიკული პოტენციალი”
რისთვის გვჭირდება ცოლი? – თუნდაც მისი დაფარული ეროტიკული პოტენციალისთვის. დავიდ ფონკინოსის 2004 წელს გამოცემული (”Gallimard”) რომანის მთავარ პერსონაჟს – ჰექტორს კი ისეთი ცოლი ჰყავს, თან იმხელა ეროტიკული პოტენციალით, ყველანაირი ეროტიკული პასაჟებისა თუ სცენების უქონლობის მიუხედავად, თავისუფლად შეიძლება კითხვისას აგიდგეთ (პოტენციური ცოლები კი – დასველდეთ).
ხო, შეიძლება იმედები გაგიცრუვდათ, რადგან მიუხედავად გამომწვევი სათაურისა წიგნში არ არის ეროტიკა, მითუმეტეს უელბეკისეული მბორგავი სცენები, – სამაგიეროდ ასეთ მგრძნობიარე, სახალისო, სასიყვარულო წიგნს იშვიათად თუ გადააწყდებით. კითხვისას, მაქსიმალურად ივიწყებ შენს ირგვლივ აღმართულ რეალობის კაშხალს და რაღაც პერიოდი მორიგი გიჟი ფრანგის წყნარი, მშვიდი და კრიალა წყლის ზედაპირზე იწყებ ტივტივს, ზოგჯერ გულიანად იცინი – ზოგჯერ შეიძლება ტირილიც კი მოგინდეს, ბოლოს კი ეს ყველაფერი პიკს აღწევს და უკვე სერიოზულად ფიქრობ ცოლის მოყვანაზე. ცოლ-ქმრულ კავშირში მხოლოდ მოწყენილობისა და რუტინის, არასრულფასოვნების კომპლექსის გაჩენის, მიჯაჭვულობისა და სევდის დამნახველი ტიპებიც კი ალბათ წიგნის წაკითხვის შემდეგ ცოლის მოყვანაზე წამიერად დაფიქრდებიან.
”ყოველმა ადამიანმა შესანიშნავად უწყის საკუთარი მიდრეკილებანი და გადაცდენები. მოკლედ, ამას უნდა დათანხმდე და არსში ჩაწვდომას მაინცდამაინც არ ეცადო”, წერს ფონკინოსი. ნამდვილად, ხანდახან უკეთესია ზოგიერთი კითხვა პასუხგაუცემელი დარჩეს, მიდრეკილება და უჩვეული ქცევა კი – ამოუხსნელი. ჰექტორს უდგება როცა ხედავს როგორ წმენდს მისი ცოლი ფანჯრებს. უბრალოდ იბერება, მისი დაუფლების სურვილითა და სიყვარულით იტუმბება და გასკდომაზეა. აბოდებს დასვრილ ფანჯრებზე და აბოდებს ცოლზე. აბოდებს მათ ბუნებრივ სინთეზზე. ოთახში კამერებსაც კი დააყენებს რათა მთელი ეს პროცესი (მარლის ფანჯარაზე გადასმა, სპრეის შეშხურება, ნაჭრის მოძრაობა და თავისთავად ცოლის მოძრაობაც) სამუდამოდ აღბეჭდოს, შემდეგ კი ჩუმ–ჩუმად ჩაუჯდეს და თავი უბედნიერეს ადამიანად იგრძნოს, – გაცილებით ბედნიერად ვიდრე პიერ როლანი იყო 2011 წელს. აბაა, წარმოიდგინეთ რა დღეშია!
როცა ცოლი ამ ჩანაწერებს იპოვის და კი არ გაგკიცხავს, არა, პირიქით – ყველაფერში გაგიგებს, მიხვდება რომ ყველას თავისი ”პეპლები” ჰყავს და აწი უკვე გამიზნულად დაიწყებს ბედნიერების განუსაზღვრელი დოზით მონიჭებას, აი მაშინაა ცხოვრება ნაღდი!
რა თქმა უნდა ფონკინოსი გიჟი არაა, მხოლოდ და მხოლოდ სწრაფი და ასე ვთქვათ ”გზადნაპოვნი” ბედნიერების არ სწამს, ამ მოვლენას, ანუ ცოლ-ქმრობას და კაცისა და ქალის ურთიერთობას პირველ რიგში მეცნიერულად უყურებს და 151–ე გვერდზე ასეთი დასკვნა გამოაქვს: ”ისე, საერთოდ რომ გაიგო, თუ რას ფიქრობენ სინამდვილეში ქალები, არანაკლებ ორთან მაინც უნდა იცხოვრო”.
როცა ცხოვრება მოგბეზრდება, შენი არსებობა აზრს დაკარგავს და ცხოვრების მთავარი საიდუმლო არა-მარტო მიუღწეველი, არამედ უინტერესოც მოგეჩვენება, თავის მოკვლასაც კი ცდი, თუმცა არაფერი გამოგივა და იმის დასამალად რომ სასოწარკვეთის ჟამს სუიციდს მიმართე და სირცხვილის თავიდან ასაცილებლად ბიბლიოთეკაში შეირბენ და ამერიკაზე წიგნებს მოხვეტ, რათა ძირფესვიანად შეისწავლო, შემდეგ კი თქვა რომ მთელი ის პერიოდი, როცა სინამდვილეში საავადმყოფოში იწექი ამერიკის ქუჩებში დასეირნობდი, – სწორედ მაშინ გაიხედეთ ირგვლივ, იქნებ დარბაზში კიდევ არის ვინმე თქვენი მსგავსი. თუ არის და უმალ ცოლად მოიყვანეთ. არც კი დაფიქრდეთ. მოიმარაგეთ ტონობით მინების საწმენდი სპრეი და დაივიწყეთ ყველაფერი, რაც კი აქამდე გებადათ, უყურეთ თქვენს წინ მდგომ ქალს და დაფიქრდით სააგენტოს გახსნაზე, რომელიც თქვენნაირად ზარმაც ან სუიციდოფილ ხალხს დაეხმარება ქვეყნიდან გაუსვლელად ინახულოს სიერს ტაუერი, ემფაია სთეით ბილდინდი, პიზის კოშკი, ბიგ ბენი თუ ტაჯ მაჰალი.
და თქვენ ბედნიერები იქნებით!