“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან ხაბეიშვილი ეხმაურება თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას, რომლითაც მან უარყო ინფორმაცია, თითქოს დედაქალაქის მეტროს ვაგონების შესყიდვის ტენდერში გამარჯვებული რუსული კომპანია იარაღის წარმოებითაა დაკავებული. ცნობისთის, კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკის გადაწყვეტილებამდე მერია აღნიშნულ კომპანიას თანხას არ გადაურიცხავს.
ხაბეიშვილის შეფასებით, თბილისის მერის დღევანდელი განცხადება იყო დასტური, რომ მეტროს ვაგონების შესყიდვასთან დაკავშირებით ტენდერში გამარჯვებული მერიამ გამოავლინდა და არა “იბიარდმა”.
“კახა კალაძემ დაადასტურა, რომ იბიარდისგან მხოლოდ სესხია, ტენდერში გამარჯვებულს კი მერია ავლენს და ხელშეკრულებაც მერიას აქვს დადებული და არა იბიარდს, როგორც ცდილობდნენ პროპაგანდირებას. მან თქვა, რომ თურმე არაფერ შუაშია უკრაინის ომი და მანამდე მოხდა ხელშეკრულების გაფორმება. ეს მართლა “ფარჩაკი” კაცი დგას და “აპრავებს” რუსულ სახელმწიფო კომპანიას, რომ თითქოს ისინი არანაირ ჯავშანტექნიკას და იარაღს არ აწარმოებენ… ეს უსირცხვილო კაცი დადგა და ნაცვლად იმისა ეთქვა, ვწყვეტთს ხელშეკრულებასო, თქვა, “იბიადრმა” შეაჩერა ხელშეკრულება და თუ ის დაგვთანხმდება, ჩვენ მზად ვართ ეს 170 მილიონი ლარი მივცეთ რუსებსო. ეს მართლა ფარჩაკი კაცი, ან შევჩენკოსთან ერთად მაინც არ ეთამაშა, ან კიევის “დინამოში“, ან ძმაკაცები, მეგობრები და ახლობლები არ ჰყავდეს უკრაინაში, რომელთა ოჯახის წევრებს რუსი ოკუპანტები რაკეტებით და ბეტეერებით დასდევენ”, – “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, განაცხადა ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ოპონენტები სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა.
“თანხის გადარიცხვა დროებით შეჩერებულია იმიტომ, რომ არ ვიცით, თუ რომელ კომპანიებს დაეკისრებათ სანქციები, ამის შემდეგ ბანკი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს და ამ გადაწყვეტილებით ვიხელმძღვანელებთ. ტენდერი გამოცხადებული იყო 2020 წლის თებერვალში. 2021 წლის ნოემბერში გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია. ამ ყველაფერს პირდაპირ უკავშირებენ ომს და სანქციებს, მოვისმინეთ რამდენი სიბინძურე და არასწორი განცხადება ე.წ. პოლიტიკოსების მხრიდან. თუ ასე გააგრძელებთ, კიდევ უფრო გაფარჩაკდებით. შესაბამისად, გონს მოეგეთ და გააკეთეთ ისეთი განცხადებები, რომელიც არის რეალური და ნამდვილი“, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რუსულ კომპანიებს სანქციებს უკრაინაში დაწყებული ომის გამო უყენებენ.