თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, აბსურდია ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, მან მოიტუა, რომ კიევის მერს, ვიტალი კლიჩკოს ესაუბრა.
“მინდა გამოვეხმაურო ერთ თემას, თითქოს, მე არ მქონია კომუნიკაცია კიევის მერთან და ეს მოვიტყუე. არ ვიცი, რა დავარქვა ამ ყველაფერს. აბსურდი და გაუგებარია – რაში მჭირდება მოვიგონო ის, რომ თითქოს ველაპარაკე კიევის მერს, კლიჩკოს? რატომ უნდა მოვიგონო ეს, უბრალოდ არ მესმის, გაუგებარია. რა თქმა უნდა, მე მქონდა საუბარი, ვესაუბრე სამ მარტს”, – განაცხადა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.
კალაძის განმარტებით, მათი საუბარი მას შემდეგ შედგა, რაც კლიჩკოს ოფიციალური წერილი გაუგზავნა WhatsApp-ზე, ამ უკანაკსნელმა კი გადმოურეკა.
“ეს წერილი გამოქვეყნებული იქნა სხვადასხვა მედიის საშუალებით და გავუგზავნე მას, რის შემდეგაც მან პირდაპირ გადმომირეკა და გვქონდა საუბარი ყველაფერზე, იქ არსებულ მდგომარეობაზე, რა ვითარება იყო. ამის შემდეგად მქონდა კომუნიკაცია, ასევე მქონდა კომუნიკაცია ხარკოვის მერთან, მქონდა კომუნიკაცია ასევე ირპენის მერთან. ასე რომ, რა არის ამაში ისეთი, რომ უნდა მოვიტყუო, თითქოს, მე ვესაუბრე კიევის მერს და ეს იყოს ვიღაცისთვის განსაკუთრებული, უბრალოდ გაუგებარია, არ მესმის ეს“, – აცხადებს კალაძე.
ცნობისთვის, 13 თებერვალს, TVპირველის ეთერში ვიტალი კლიჩკოს ჰკითხეს, დაურეკა თუ არა მას თბილისის მერმა, კახა კალაძემ, რომელთანაც ნაცნობობა აკავშირებს. ამაზე პასუხად, მან აღნიშნა – “არ ვიცი, შეიძლება დამირეკა და გამოვტოვე ზარი, მაგრამ მე მასთან არ მისაუბრია”.